საქართველოს მასშტაბით, სოციალური მომსახურების სააგენტოს 400-მდე თანამშრომელმა ხელფასების თებერვლიდან მომატების შესახებ დამსაქმებლის წინადადება არ მიიღო და გაიფიცა.
სააგენტომ 16 იანვარს განაცხადა, რომ სოციალურ აგენტებს ფიქსირებული ანაზღაურება 60%-ით, დაბალი და საშუალო რგოლის თანამშრომლებს კი – 40%-60%-მდე გაეზრდებათ. სააგენტომ ასევე განმარტა, რომ მატება ფიქსირებულ და გამომუშავებით მიღებულ ანაზღაურებას თანაბრად შეეხება.
სააგენტოს განმარტებით, მატების შემდეგ სოციალური აგენტის ხელფასი 250-დან 400 ლარამდე გაიზრდება, უფროსი სოციალური აგენტი 550-ის ნაცვლად 700 ლარს მიიღებს. ამასთან, ოჯახებში ვიზიტისას ერთ შევსებულ დეკლარაციაზე ისინი 6-ის ნაცვლად 10 ლარს მიიღებენ.
გაფიცულები სოციალური აგენტების და უფროსი სოციალური აგენტების, ასევე სპეციალისტების, უფროსი სპეციალისტებისა და მთავარი სპეციალისტების ყოველთვიური ხელფასების 100%-ით გაზრდას ითხოვდნენ.
სააგენტოს განცხადებაში არაფერი უთქვამს მათ სხვა მოთხოვნებზე, რომელთა შორის იყო ხელფასებში წლიური ინფლაციის გათვალისწინება, პროფკავშირების ჩართულობით კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმება.
სააგენტომ ასევე განმარტა, რომ „სტრუქტურული და ორგანიზაციული განვითარების გეგმა“ ბოლო თვეების განმავლობაში „აქტიური კონსულტაციის“ შედეგად მიიღეს.
სააგენტოს თანამშრომლებმა, რომელთაც გაფიცვის შესახებ ოფიციალური განაცხადი 14 იანვარს წარადგინეს, დამსაქმებლის შეთავაზება არ მიიღეს და თქვეს, რომ „ღირსეული შრომის ანაზღაურებისა და პირობებისთვის“ ბრძოლას განაგრძობენ.
დამოუკიდებელმა პროფკავშირმა, „სოლიდარობის ქსელმა“ განაცხადა, რომ უწყების შეთავაზება ნოემბერში თანამშრომლებისთვის წარდგენილი წინადადების გაუარესებული ვერსიაა.
„სოლიდარობის ქსელის“ თავმჯდომარემ, სოფო ჯაფარიძემ დღეს განმარტა, რომ ხელფასების მატების სააგენტოს მიერ გასაჯაროებული სქემა მას გუშინ, შეთავაზების სახით გაუგზავნეს, უწყებამ კი – განცხადება იმ დროს გაავრცელა, როდესაც თანამშრომლებთან შეთავაზების განხილვა ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული.
სააგენტოს თანამშრომლებმა გაფიცვა 17 იანვრის 09:00 სთ-დან დაიწყეს. მოგვიანებით, დღესვე, ისინი პროტესტის გამოსახატად ჯანდაცვის სამინისტროსთან შეიკრიბნენ.
სოციალური მომსახურების სააგენტო სწორედ ჯანდაცვის სამინისტროში შემავალი უწყებაა, რომლის პრეროგატივაც სხვადასხვა სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ადმინისტრირებაა.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)