Site icon Civil.ge

დავით ზალკალიანი ნატოს შტაბბინას სტუმრობს 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი და ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი, ფოტო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი 17-18 იანვარს ბრიუსელს სტუმრობს, სადაც იგი უკვე შეხვდა ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს და მოკავშირე სახელმწიფოების მუდმივ წარმომადგენლებს.

ვიზიტს თითქმის ერთი კვირით ადრე წინ უძღvოდა ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრა ბრიუსელში, სადაც მოსკოვმა „უსაფრთხოების გარანტიები“ და ალიანსის ღია კარის პოლიტიკის შეჩერება მოითხოვა.

„ყველა ჩვენი მოლოდინი გამართლდა“, – განაცხადა ზალკალიანმა 17 იანვარს ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მართალია, ალიანსი მზადაა რუსეთთან დიალოგი განაგრძოს, ნატომ მკაფიოდ მიანიშნა, რომ არ იქნება დათმობა „წითელ ხაზებზე, რომლებიც გადის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ჩვენს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე“.

ბუქარესტის 2008 წლის სამიტის დეკლარაციაზე საუბრისას, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ „არ გადაიხედება, არ იქნება არანაირი რევიზია ნატოს გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, მტკიცედ დაფიქსირდა ფუნდამენტური პრინციპი, რაც არის დაკავშირებული ქვეყნის სუვერენულ უფლებასთან, თვითონ აირჩიოს ქვეყანამ საკუთარი უსაფრთხოების ალიანსები“.

„კიდევ ერთხელ მივიღე გარანტია, რომ ღია კარის პოლიტიკა იქნება მადრიდის სამიტის [29-30 ივნისი] დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება“, – დასძინა მან.

მანამდე, მოკავშირე სახელმწიფოების მუდმივ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, რომელსაც ნატოში პოლონეთის ელჩმა ტომაშ შატკოვსკიმ უმასპინძლა, მხარეებმა ევროპული და რეგიონული უსაფრთხოება, ასევე ნატო-რუსეთის მიმდინარე დიალოგი განიხილეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ნატოს წევრებმა გაიმეორეს, რომ „მათ მიდგომებში არაფერი იცვლება საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმ მწვავე რიტორიკისა, რაც მომდინარეობს რუსეთის ფედერაციისგან და რაც წინააღმდეგობაშია საერთაშორისო პრინციპებთან“.

ზალკალიანმა ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს კოორდინირებული მოქმედება ნატოელ პარტნიორებთან იმასთან დაკავშირებით, რომ „ის პროგრესი, რაც აქვს საქართველოს ინტეგრაციის გზაზე, არ დაზარალდეს და პირიქით კიდევ უფრო გაძლიერდეს“.

თავის მხრივ, პოლონეთის მუდმივმა დელეგაციამ ნატოში 17 იანვარს Twitter-ზე დაწერა, რომ მოკავშირეები საქართველოს ნატოში მისწრაფებების მიმართ ერთგულნი რჩებიან.

ბრიუსელში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ზალკალიანი ევროკავშირის წარმომადგენლებსაც შეხვდება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)