სამშაბათს, 18 იანვარს, ევროპარლამენტმა პრეზიდენტად რობერტა მეცოლა (Roberta Metsola), მალტელი კონსერვატორი პოლიტიკოსი აირჩია.
458 ხმით ხმით არჩეული მეცოლა ამ თანამდებობაზე იტალიელ დავიდ სასოლის შეცვლის, რომელიც ამ რამდენიმე დღის წინ, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე სულ რამდენიმე დღით ადრე გარდაიცვალა.
მეცოლას ახალ პრეზიდენტად სასოლის გადარჩენის შემთხვევაშიც აირჩევდნენ. საქმე ისაა, რომ 2019 წელს, ევროპარლამენტის ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფები — სოციალისტები და ევროპის სახალხო პარტია (კონსერვატორები) — მორიგდნენ, რომ თავდაპირველ 2,5 წლიან ვადას სოციალისტი სასოლი იმსახურებდა პრეზიდენტად, მომდევნო 2,5 წელიწადს კი კონსერვატორების შერჩეული პარლამენტარი.
ამდენად, გასაკვირი არაა, რომ დღევანდელ კენჭისყრაზე მეცოლამ — რომელსაც სახალხო პარტიისა და სოციალისტების მხარდაჭერა ჰქონდა — კონკურენტებს დამაჯერებლად აჯობა. შვედმა „მწვანემ“ ალის კუნკემ 101 ხმა მიიღო, ხოლო ესპანელმა სირა რეხომ მემარცხენეებიდან — 57.
აღსანიშნავია, რომ მეცოლა ევროპარლამენტის რიგით მესამე ქალი პრეზიდენტი იქნება. ევროპარლამენტის პირველი ქალი პრეზიდენტი ფრანგი სიმონა ვეილი იყო, 1979-1982 წლებში ნიკოლ ფონტენი (Nicole Fontaine) პრეზიდენტად 1999-2002 წლებში მსახურობდა.
ისიც აღსანიშნავია, რომ მეცოლა პირველი პოლიტიკოსია მალტიდან, რომელსაც ევროკავშირში ამხელა თანამდებობისათვის ოდესმე მიუღწევია. არ დაგვავიწყდეს, მალტა 27 წევრიანი გაერთიანების ყველაზე პატარა ქვეყანაა, იქნება ეს ტერიტორიით, მოსახლეობის სიდიდით თუ მთლიანი შიდა პროდუქტით.
ახლადარჩეულ ქალბატონ პრეზიდენტს უთქვამს „ჩვენი ინსტიტუცია უნიკალურია მსოფლიოშიო“ და დაუყოლებია, „საჭიროა გავაძლიეროთ იგიო“.
მეცოლა, რომელიც, სხვათა შორის, დღეს 43 წლისა გახდა, მალტის „ნაციონალისტური პარტიის“ წევრია. პარტია ქრისტიან-დემოკრატიულ, ლიბერალური კონსერვატიული მიმართულების, პრო-ევროპული პარტიაა.
ახლადარჩეულ პრეზიდენტს განათლება მალტის უნვერსიტეტსა და ბელგიაში, ქ. ბრიუგეში მდებარე პრესტიჟულ ევროპის კოლეჯში აქვს მიღებული. სტუდენტობის წლებიდანვე აქტიურად იყო დაინტერესებული პოლიტიკით. 2003 წელს ჩაბმული იყო მალტის ევროკავშირში შესვლის შესახებ რეფერენდუმის კამპანიაში, გაწევრების მომხრეთა მხარეს.
2004-2012 წლებში მეცოლა ევროკავშირში მალტის წარმომადგენლობაში მუშაობდა, რის შემდეგაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა შეფის, ქართველთათვის ერთ დროს კარგად ნაცნობი ქეთრინ ეშტონის იურიდიულ მრჩევლად გადაინაცვლა.
ამის შემდეგ იწყება მისი კარიერა ევროპარლამენტში, რომლის წევრადაც მეცოლა პირველად 2013 წელს აირჩიეს. პარლამენტში თუ მის გარეთ, ქალბატონ მეცოლას აბორტის საწინააღმდეგო განწყობებით იცნობენ. წლების განმავლობაში, იგი გააფთრებით ეწინააღმდეგებოდა ან თავს იკავებდა იმ რეზოლუციებისათვის ხმის მიცემისას, რომლებიც ხაზს უსვამდა ქალის უფლებას უსაფრთხო აბორტზე.
აქვე, უპრიანი იქნება ვახსენოთ, რომ მალტა ევროკავშირის ერთადერთი ქვეყანაა, სადაც აბორტი კვლავაც აკრძალულია, რასაც კათოლიკე უმრავლესობის სახელმწიფოში ბევრი მხარდამჭერი ჰყავს.
ამ საკითხს თუ არ ჩავთვლით, მეცოლა ზოგადად ქალთა უფლებების მხარდამჭერად ითვლება. ევროპარლამენტარობის ისტორიიდან აღნიშვნას იმსახურებს ის ამბავიც, რომ მეცოლა 2014 წელს მუშაობდა „ევროკავშირის გზამკვლევზე ჰომოფობიისა და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაციის წინააღმდეგ“.
წლების წინ მეცოლა დევნილთა/მიგრანტთა კრიზისის დროს მიგრაციის თემებზეც მუშაობდა. იგი მხარს უჭერდა ევროკომისიის გეგმას 120 000 დევნილის კვოტების სისტემით წევრ სახელმწიფოებზე გადანაწილებაზე, რასაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დიდი წინააღმდეგობა შეხვდა. მისთვის საინტერესო თემათა შორისაა ასევე კორუფციის, კანონის უზენაესობისა და პრესის თავისუფლების საკითხებიც.
ქალბატონი მეცოლა ფინელ პოლიტიკოსზე, უკო მეცოლაზეა დაქორწინებული. წყვილი ოთხ ვაჟს — ლუკას, ალეკს, მარკსა და კრისტიანს — ზრდის. უფროსი ვაჟი 14-ისაა, უმცროსი — 4-ის. პრეზიდენტს მზარეულობა და ცხობა ჰყვარებია. ეს სიყვარული ბაბუაჩემისაგან გამომყვა, რომელიც ფლოტში მზარეულად მსახურობდაო, უთქვამს მას პრესისთვის.
პრეზიდენტად არჩევის შემდგომ მალტურ, იტალიურ და ინგლისურ ენებზე წარმოთქმულ სიტყვაში მეცოლას განუცხადებია, „ევროპა ისევ აქაა, ევროპა მომავალია, გაუმარჯოს ევროპასო“.
გაუმარჯოს ჭეშმარიტად!
მომზადებულია Politico-ზე, Times of Malta-ზე, ევროპარლამენტის გაზეთზე, the Malta Independent Online-ზე, ევრონიუსზე, Deutsche Welle-ზე, ტვიტერსა და საკუთარ თავზე დაყრდნობით.