Site icon Civil.ge

„მიწის დათმობის“ საქმე: ცხინვალის ლიდერი იმპიჩმენტს გადაურჩა 

ანატოლი ბიბილოვი, ფოტო: cominf.org

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოპოზიციონერმა „დეპუტატებმა“ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისთვის დაახლოებით 200 კმ2 ტერიტორიის დათმობის მცდელობის საქმეზე რეგიონის ლიდერის, ანატოლი ბიბილოვის იმპიჩმენტს ვერ მიაღწიეს.

ინიციატივა ცოტა ხნით ადრე, იანვარში, 34-წევრიანი საკანონმდებლო ორგანოს 14-მა „დეპუტატმა“ წამოაყენა. თუმცა გუშინ გამართულ კენჭისყრაზე ბიბილოვის გადაყენებას მხარი 13-მა ოპოზიციონერმა დაუჭირა, ერთმა კი – წინააღმდეგ მისცა ხმა. საინფორმაციო სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ ბიბილოვის მხარდამჭერ პარტიას – „ერთიან ოსეთს“, ასევე „ხალხის ერთობას“ და კომუნისტებს. იმპიჩმენტის პირველი ეტაპისათვის 34 წევრიან ორგანოში ¾-ის მხარდაჭერა სჭირდებოდა.

აღსანიშნავია კენჭისყრის კონტექსტიც: რეგიონში გაზაფხულზე, დაახლოებით სამ თვეში „საპრეზიდენტო არჩევნები“ უნდა გაიმართოს, რომელშიც ბიბილოვიც აპირებს მონაწილეობას.

ამბის წინაისტორია

ოპოზიციონერი „დეპუტატები“ აცხადებენ, რომ „სახელმწიფო საზღვრის“ დამტკიცების თაობაზე ბიბილოვის მიერ 2019 წელს „პარლამენტში“ წარდგენილ კანონპროექტს, რომელიც მაშინ არ მიიღეს, რეგიონის მიერ დანარჩენი საქართველოსთვის 200 კმ2 ტერიტორიის დათმობა მოჰყვებოდა.

საკითხი გასული წლის ნოემბერში მას შემდეგ გახმაურდა, რაც „საქართველოსთან საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სახელმწიფო კომისიამ“, რომელიც ბიბილოვის განკარგულებით აპრილში შეიქმნა, დაადგინა, რომ ბიბილოვის მიერ 2019-ში შემოთავაზებული საზღვრები 200 კმ2-ით ნაკლებ ტერიტორიას მოიცავდა, ვიდრე 1922 წლის აპრილის საბჭოთა განკარგულება, რომლითაც სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი შეიქმნა.

ოპოზიციონერი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ რეგიონის საზღვრები 1922 წლის საბჭოთა განკარგულების აღწერას უნდა შეესაბამებოდეს, რადგანაც 1992 წელს ოსმა სეპარატისტებმა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიის რესპუბლიკად გამოცხადების საფუძვლად სწორედ ეს დოკუმენტი აიღეს.

სავარაუდოა, რომ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული საზღვრები საბჭოთა კავშირის 70-წლიანი მმართველობის დროს მცირედით შეიცვალა. იმავდროულად, არ არსებობს 1922 წლის აპრილის განკარგულების დეტალური რუკა, რის გამოც, ოსი „დეპუტატები“ და „დელიმიტაციის კომისიის“ ამჟამინდელი წევრები მას საკუთარი შეხედულებისამებრ ისე განმარტავენ, რომ თბილისს ამ უკანასკნელის მიერ ამჟამად კონტროლირებულ 200 კმ2 ტერიტორიაზე მოედავონ.

ტერიტორიული პრეტენზიები ძირითადად ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის დასავლეთ და სამხრეთ მონაკვეთებს ეხება. ბიბილოვის ოპონენტებს სურთ, რომ თბილისის მიერ კონტროლირებადი მთელი რიგი სოფლების, მათ შორის, – ნიქოზის, არბოს, გუგუტიანთკარის და მერეთის ზოგიერთ მონაკვეთზე განაცხადონ პრეტენზია. ამ ტერიტორიებზე ეთნიკურად ქართველების სახლები, ხეხილის ბაღები და სასაფლაოებია განთავსებული.

30 დეკემბერს ცხინვალის რეგიონის „საკანონმდებლო ორგანოში“ გამართული მწვავე დებატების დროს, ანატოლი ბიბილოვი გაღმა შეედავა. მისი თქმით, მოსკოვმა 2008 წელს რეგიონის დამოუკიდებლობა მის ამჟამინდელ და არა 1992 წლის საბჭოთა განკარგულებაში აღწერილ „საზღვრებში“ აღიარა.

მან ხაზი გაუსვა, რომ 2008 წელს, შეთანხმებას მისი წინამორბედი ადმინისტრაციის პირობებში მიაღწიეს. ბიბილოვმა განაცხადა, რომ იმდროინდელ ხელმძღვანელობაში ბევრი ახლანდელი ოპოზიციონერი „დეპუტატი“ მსახურობდა.

ცხინვალის რეგიონის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ თუ საზღვრებზე პრეტენზიებს 1922 წლის განკარგულების შესაბამისად გამოთქვამენ, მაშინ ქალაქ ცხინვალსა და თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიას შორის ოსურ-რუსული კონტროლის ქვეშ მყოფი სოფელ გუჯაბაურის, ასევე საქართველოს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის სიახლოვეს მდებარე სოფელი ორჭოსანი თბილისს უნდა გადაეცეს.

საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ დაგმო მოსკოვის, ასევე ცხინვალისა და სოხუმის „პროვოკაციული“ განცხადებები „საოკუპაციო ხაზზე ე.წ. დელიმიტაცია-დემარკაციის განხორციელების თაობაზე“.

შენიშვნა: სტატია განახლდა 21 იანვარს, 20 საათზე. დაზუსტდა ჩანაწერი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებული სოფლების ზოგიერთ მონაკვეთზე ცხინვალელი ოპოზიციონერების პრეტენზიების შესახებ. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)