Site icon Civil.ge

სოხუმი ქართულ-აფხაზურ დიალოგზე ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამას აკრიტიკებს

ინალ არძინბა, ფოტო: აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტრო“

აფხაზეთის „საგარეო საქმეთა მინისტრმა“, ინალ არძინბამ გუშინ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ინიციატივა – COBERM-ი გააკრიტიკა და მას მიუღებელი უწოდა.

ნდობის აღდგენისა და ადრეული რეაგირების მექანიზმი (COBERM) არის პროგრამა, რომელიც ევროკავშირის მიერაა დაფინანსებული და მას გაეროს განვითარების პროგრამა 2010 წლიდან ახორციელებს. პროგრამა აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოში კონფლიქტებით დაზარალებულ თემებს შორის ნდობის აღდგენას ემსახურება.

არძინბას თქმით, პროგრამა საქართველოს ხელისუფლების მიზნებზეა მორგებული და ექსპერტებისა და ახალგაზრდების დონეზე აფხაზებსა და ქართველებს შორის დიალოგის დამყარებით რეგიონის მცხოვრებთა შეცდომაში შეყვანას ცდილობს.

„ამ პროექტის განხორციელება აფხაზეთის ტერიტორიაზე დაუშვებელია. ჩაიწერეთ ეს და მეტი ასეთი პროექტები აღარ გააკეთოთ. გიკრძალავთ ამის გაკეთებას“, – განაცხადა არძინბამ UNDP-ის წარმომადგენელთან, რაფის აბაზოვთან შეხვედრაზე.

აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტრომ“ განაცხადა, რომ UNDP-მ აიღო პასუხისმგებლობა, რომ შემდგომში მსგავსი პროექტების განხორციელება არ დაუშვას.

არძინბამ UNDP 2021 წლის ზაფხულში აფხაზეთის მოსახლეობაში საშინაო პოლიტიკისა და დანარჩენ საქართველოსთან ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობის შესახებ სოციოლოგიური კვლევის ჩატარების გამოც გააკრიტიკა.

აფხაზეთის კანონმდებლობაზე დაყრდნობით, მან აღნიშნა, რომ UNDP-ის, შესაბამის ხელისუფლებასთან კოორდინაციის გარეშე, გამოკითხვის ჩატარების უფლება არ ჰქონდა. არძინბამ ხაზი გაუსვა, რომ ეს „სამინისტროს“, „პროკურატურისა“ და „უშიშროების სამსახურის“ ერთიანი პოზიცია იყო.

UNDP-ის თბილისის ოფისმა „სამოქალაქო საქართველოსთან“ საკითხზე კომენტარი არ გააკეთა.

აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტრომ“ 19 იანვარს განაცხადა, რომ არძინბა ასევე შეხვდა World Vision-ისა და დანიის ლტოლვილთა საბჭოს წარმომადგენლებს. ამავე ინფორმაციით, მართალია, „მინისტრი“ მიესალმა რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისკენ მიმართულ ინიციატივებს, რამდენიმე პროექტს მიუღებელი უწოდა, თუმცა მიზეზები არ დაუკონკრეტებია.

ცოტა ხნის წინ, არძინბამ აფხაზეთში მოქმედ უცხოურ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა, რომ თავიანთი პროგრამების განხორციელებამდე მათ წინასწარი თანხმობა ესაჭიროებათ. ეს ეხება ნებისმიერ პროგრამას, მათ შორის, ადგილობრივ ახალგაზრდებთან შეხვედრას, მრგვალი მაგიდებისა და სემინარების ორგანიზებას, საინფორმაციო მასალების გავრცელებას ან საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან და ორგანიზაციებთან შეხვედრების მომზადებას.

ამას გარდა, საერთაშორისო ორგანიზაციებს თავიანთი პროექტების განხორციელების შესახებ ანგარიშების, ასევე თანამშრომლების შესახებ ინფორმაციისა და დაფინანსების წყაროების შესახებ ფინანსური დოკუმენტაციის წარდგენა დაევალათ.

იმ ორგანიზაციებს შორის, რომლებიც ასევე ეხმარებიან ოკუპირებულ აფხაზეთს, არიან – გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (UNHCR), ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი (ICRC). ეს ორგანიზაციები საქმიანობას საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციით ახორციელებენ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)