Site icon Civil.ge

ჟან მონეს დიალოგის დაწყებამდე პაპუაშვილს ევროპარლამენტის ახალ პრეზიდენტთან შეხვედრა სურს 

პარლამენტის ახლადარჩეული თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, 29 დეკემბერი, 2021, ფოტო: პარლამენტის პრესსამსახური

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტმა 22 იანვარს განაცხადა, რომ ჟან მონეს დიალოგის დაწყებამდე, მნიშვნელოვანია, რომ შედგეს შეხვედრა ევროპარლამენტის ახალ პრეზიდენტ რობერტა მეცოლასა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს შორის, „დიალოგის პროცესში, თავმჯდომარეების პირადი როლისა და ჩართულობის გათვალისწინებით“.

შალვა პაპუაშვილის კაბინეტის განცხადებას წინ უძღვოდა ევროპარლამენტიდან დიალოგის ფასილიტატორების, ევროპარლამენტარების – ვიოლა ფონ კრამონის, მარინა კალიურანდისა და მირიამ ლექსმანის განცხადება, რომელთაც გუშინ აღნიშნეს, რომ პაპუაშვილის დროის უქონლობის გამო, მათ საქართველოში დაგეგმილი ორდღიანი ვიზიტი გააუქმეს.

პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტმა განაცხადა, რომ „მოსამზადებელი ვიზიტის დაგეგმვა სწორედ ამის [თავმჯდომარეების შეხვედრის] შემდეგ იქნება ლოგიკური და მიზანშეწონილი“.

„ჟან მონეს დიალოგი არის არა სპონტანური და ცალმხრივად დაგეგმილი აქტივობების ფორმატი, არამედ თანამშრომლობაზე დაფუძნებული პროცესი“, – ნათქვამია პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის განცხადებაში. „ამიტომ, მნიშვნელოვანია, მისი სწორი მომზადება და განხორციელება, რათა ეს ინსტრუმენტი პოლარიზების შემცირების ნაცვლად, თავად არ იქცეს პოლარიზების წყაროდ“, – ხაზგასმულია იქვე.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „ჟან მონეს დიალოგი ეფუძნება მინიმალური საჯაროობის პრინციპს. შესაბამისად, 21 იანვარს სამი ევროპარლამენტარის მიერ გავრცელებული განცხადება მხოლოდ და მხოლოდ ზრდის პოლარიზაციის რისკებს და ხელს არ უწყობს დიალოგის დაწყების პროცესს“.

ჟან მონეს დიალოგი საპარლამენტო მედიაციისა და დიალოგის ფორმატია, რომელიც ევროპარლამენტმა შეიმუშავა და რომელსაც 2016 წელს ჩაეყარა საფუძველი. სამი ევროპარლამენტარი საქართველოში „ჟან მონეს დიალოგის“ პროცესის ფასილიტატორობისთვის 2021 წლის ივნისში, ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის ევროკავშირის შუამავლობით 19 აპრილს შეთანხმების მიღწევის კვალდაკვალ შეირჩა. მმართველმა პარტიამ შეთანხმება ივლისის ბოლოს ცალმხრივად დატოვა.

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარედ 29 დეკემბერს მას შემდეგ  აირჩიეს, რაც ყოფილი სპიკერი კახა კუჭავა მოულოდებლად თანამდებობიდან გადადგა და დეპუტატის მანდატზეც უარი თქვა. ევროპარლამენტის ახალი პრეზიდენტი 19 იანვარს მალტელი რობერტა მეცოლა გახდა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და ევროპარლამენტარებს შორის უთანხმოებას წინ უძღვოდა ქართული ოცნების ხელისუფლებასა და ბრიუსელს შორის უკვე დაძაბული ურთიერთობები რიგ საკითხებზე, მათ შორის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა დანიშვნების, ევროკავშირის სესხზე უარისა და დასავლელ დიპლომატებზე საქართველოს მიერ სავარაუდო მიყურადების საკითხებზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)