ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტმა 2021 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოში განვითარებულ მოვლენებსაც ასახავს და რომლის თანახმადაც, დაძაბული და პოლარიზებული პოლიტიკური გარემო ქვეყნის „დემოკრატიულ კონსოლიდაციას აზიანებს“.
ანგარიში, რომელიც 11 ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს აფასებს, ევროკავშირის მედიაციით 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების დარღვევის საკითხს განიხილავს და შეშფოთებას გამოხატავს სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფასა და მართლმსაჯულების მიუკერძოებელ ადმინისტრირებაში არსებული ნაკლოვანობების გამო.
10 იანვრით დათარიღებული დოკუმენტი PACE-ის წევრმა დანიიდან, მიხაელ იენსენმა მოამზადა. ანგარიშის მოსმენა და რეზოლუციის პროექტზე კენჭისყრა PACE-ში 28 იანვარს გაიმართება.
19 აპრილის შეთანხმება, პოლიტიკური პოლარიზაცია
ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შუამავლობით 19 აპრილს მიღწეულმა შეთანხმებამ ვერ დაასრულა ქვეყანაში არსებული მნიშვნელოვანი პოლიტიკური პოლარიზაცია და ვერ მოჰყვა ოპოზიციასა და მმართველ უმრავლესობას შორის პარლამენტში კონსტრუქციული თანამშრომლობა.
დოკუმენტში სინანულია გამოთქმული ქართული ოცნების მიერ 2021 წლის 28 ივლისს შეთანხმების დატოვების გამო.
თუმცა, ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროკავშირის შუამავლობით საარჩევნო რეფორმების გატარებას 2021 წლის ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ახალი, უფრო პლურალისტური საარჩევნო ადმინისტრაციის ჩამოყალიბება, ასევე შემაჯამებელი ოქმების შედგენისა და საჩივრების განხილვის წესში ცვლილებები მოჰყვა.
დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ შეთანხმების იმ პუნქტმა, რომლის თანახმადაც, იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება ადგილობრივ არჩევნებზე ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებდა, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გამართულიყო, „არჩევნები მმართველი პარტიის შესახებ დე ფაქტო პლებისციტად აქცია და უკიდურესად პოლარიზებული საარჩევნო გარემო გამოიწვია“.
ანგარიში ასევე იზიარებს ეუთო/ოდირის, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის და ევროპარლამენტის ერთობლივი სადამკვირვებლო მისიის მიერ თავის ანგარიშში გამოთქმულ წუხილებს.
კერძოდ, დოკუმენტი შეშფოთებას გამოხატავს ამომრჩევლებზე ზეწოლის, ამომრჩეველთა მოსყიდვის, ხელისუფლების სასარგებლოდ უთანაბრო საასპარეზო პირობების, ასევე იმის გამო, რომ ეროვნულ დონეზე პოლიტიკური დებატები ადგილობრივად მნიშვნელოვან საკითხებს ჩრდილავს და „სულ უფრო აგრესიულ რიტორიკას იწვევს, რასაც თან ახლავს ძალადობისა და ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევები“.
PACE-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ პოლიტიკური გარემოს პოლარიზაცია ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის დროს გაუარესდა. ადგილობრივ დამკვირვებლებზე დაყრდნობით, დოკუმენტი აღნიშნავს, რომ პოლარიზაციას და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას, შესაძლოა, ზემოქმედება მოეხდინა არჩევნების შედეგებზე იმ შემთხვევაში, როდესაც ორი კანდიდატის მიერ მიღებულ ხმებს შორის სხვაობა მცირე იყო.
ანგარიში მოუწოდებს ხელისუფლებას „სრულფასოვნად და გამჭვირვალედ გამოიძიოს საარჩევნო დარღვევების შესახებ ყველა ბრალდება და საარჩევნო სისტემის სამართლიანობის მიმართ საზოგადოების ნდობის უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო ზომა მიიღოს“.
„ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოების დაბალი ნდობის კონტექსტში, ვინაიდან ამან, შესაძლოა, გავლენა იქონიოს არჩევნებთან დაკავშირებული დავების მოგვარების მექანიზმის მიმართ ნდობაზეც“, – ნათქვამია ანგარიშში.
წუხილები სასამართლო სისტემის თაობაზე
ანგარიშში იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოში სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის მთავარ დაბრკოლებადაა დასახელებული.
დოკუმენტის თანახმად, მუშაობის მეთოდებში ხარვეზებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში გამჭვირვალობის ნაკლებობის გამო, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ფუნქციონირებს როგორც კორპორატიული ორგანო, სადაც მოსამართლე წევრების მცირე ჯგუფი აკონტროლებს ან გავლენას ახდებს როგორც საბჭოზე, ისე მთელ სასამართლო სისტემაზე.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ეს მოსამართლეები გადაწყვეტილებებს ძირითადად „კორპორატისტული ინტერესების“ საფუძველზე იღებენ.
დოკუმენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა უვადო დანიშვნების პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს „განსაკუთრებით პრობლემურ“ როლს უსვამს ხაზს. პროცესის გამჭვირვალობა და სამართლიანობა, რომელიც საქართველოს პარლამენტში ივნისში განახლდა და დეკემბერში დასრულდა, ოპოზიციამ, ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საერთაშორისო პარტნიორებმა გააკრიტიკეს.
- პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში ბოლო ვაკანტურ ადგილზე მოსამართლე გაამწესა
- უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნების გამო ევროკავშირი საქართველოს აკრიტიკებს
- არასამთავრობოები უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების დაგეგმილ საპარლამენტო მოსმენებს ეხმიანებიან
ანგარიშის თანახმად, მოსამართლეთა დანიშვნები სამწუხაროა და მან კიდევ უფრო დააზიანა საზოგადოების ნდობა უზენაესი სასამართლოს და სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობის მიმართ.
დოკუმენტი ხაზს უსვამს, რომ მოსამართლეთა დანიშვნები საერთაშორისო საზოგადოებისა და ადგილობრივ დაინტერესებულ პირთა განმეორებითი რეკომენდაციების მიუხედავად, ასევე დანიშვნების აშკარად არასრულყოფილი პროცესის საფუძველზე განხორციელდა, რაც ზოგიერთ ასპექტში არ შეესაბამებოდა საერთაშორისო ნორმებისა და სტანდარტების პროცესს“.
ასევე წაიკითხეთ:
- PACE-ის თანამომხსენებლები საქართველოს სტუმრობენ
- PACE-ის თანამომხსენებლებმა საქართველოში ვიზიტი დაასრულეს
- საქართველოს საკითხი PACE-ის 2020 წლის მონიტორინგის პროცედურაში
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)