ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ევროპარლამენტარები – ვიოლა ფონ კრამონი, მარია კალიურანდი და მირიამ ლექსმანი „უსაფუძვლო და უსამართლო გამოხტომების“ გამო გააკრიტიკა, მას შემდეგ, რაც მათ საქართველოში 21-22 იანვარს დაგეგმილი ვიზიტი იმ მოტივით გააუქმეს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მათთან შესახვედრად „დრო ვერ გამონახა“.
ზარქუა პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უპირველეს ყოვლისა, პაპუაშვილსა და ევროპარლამენტის ახლადარჩეულ პრეზიდენტს რობერტა მეცოლას შორის კონსულტაციები უნდა გაიმართოს პროტოკოლის ფორმატის გაწერის მიზნით, სანამ თანაფასილიტატორი ევროპარლამენტარები ჟან მონეს დიალოგის ფარგლებში საქართველოს ეწვევიან.
მისი თქმით, ჯერ პარლამენტის თავმჯდომარეები არ შეთანხმებულან დიალოგის პროცედურებზე და ევროპარლამენტარები უკვე „გამორბიან“. „დაკავდნენ რაღაც სხვა საქმით, თუ აქვთ“, – დასძინა მან.
ზარქუას თქმით, ევროპარლამენტარებმა ჟან მონეს დიალოგი საზღვარგარეთ მოგზაურობისთვის არ უნდა გამოიყენონ, თუ საკუთარი თავი ევროპარლამენტში „უკვე ამოწურეს“. „ჩრდილს ნუ მიაყენებენ როგორც სახელმწიფოს, ისე ამ ინსტიტუციას, ამას ვურჩევდი“, – განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა.
მან ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრანომს მოუწოდა გაასაჯაროოს ის მიმოწერა, რომელიც მას ვიზიტის გაუქმებამდე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტთან ჰქონდა.
თუმცა, დეპუტატმა მიმოწერის შინაარსის დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.
ზარქუამ განაცხადა, რომ დიალოგის პროცესი საქართველოსთვის „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“ არ არის და დასძინა, რომ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები ბოიკოტის შეწყვეტასა და პარლამენტში შესვლას გეგმავენ.
ქართულ ოცნებასა და ევროპარლამენტარებს შორის უთანხმოებას წინ უძღვოდა უკვე დაძაბული ურთიერთობები ქართული ოცნების ხელისუფლებასა და ბრიუსელს შორის რიგ საკითხებზე, მათ შორის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა დანიშვნების, ევროკავშირის სესხზე უარისა და დასავლელ დიპლომატებზე საქართველოს მიერ სავარაუდო მიყურადების საკითხებზე.
ჟან მონეს დიალოგი საპარლამენტო მედიაციისა და დიალოგის ფორმატია, რომელიც ევროპარლამენტმა შეიმუშავა და რომელსაც 2016 წელს ჩაეყარა საფუძველი. სამი ევროპარლამენტარი საქართველოში „ჟან მონეს დიალოგის“ პროცესის ფასილიტატორობისთვის 2021 წლის ივნისში, ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის ევროკავშირის შუამავლობით 19 აპრილს შეთანხმების მიღწევის კვალდაკვალ შეირჩა. მმართველმა პარტიამ შეთანხმება ივლისის ბოლოს ცალმხრივად დატოვა.
ასევე წაიკითხეთ:
- ჟან მონეს დიალოგის დაწყებამდე პაპუაშვილს ევროპარლამენტის ახალ პრეზიდენტთან შეხვედრა სურს
- პარლამენტის თავმჯდომარის „დროის უქონლობის გამო“ ევროპარლამენტარებმა ვიზიტი გააუქმეს
- „ჟან მონეს დიალოგის“ ფასილიტატორობისთვის სამი ევროპარლამენტარი შეირჩა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)