საქართველოს ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი 24 იანვარს ტელეფონით უკრაინელ კოლეგას, დმიტრო კულებას ესაუბრა, რა დროსაც მინისტრები შეთანხმდნენ, რომ მიუღებელია მოსკოვის ძალისხმევა, დაბლოკოს ორი ქვეყნის ნატოში ინტეგრაცია.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზალკალიანმა უკრაინას „მტკიცე თანადგომა გამოუცხადა არსებულ რთულ ვითარებაში“.
საქართველოს პირველმა დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო და უკრაინა „ოკუპაციასთან დაკავშირებული საერთო გამოწვევების წინაშე დგანან“.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მინისტრებმა დადებითად შეაფასეს საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია, რომ საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ისევე როგორც ორი ქვეყნის ქვეყნების სუვერენული უფლება – აირჩიოს საკუთარი მომავალი და ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები – არის ის წითელი ხაზი, რომლის გადახედვაც აშშ-რუსეთის მოლაპარაკების პროცესში არ მოხდება.
ამავე განცხადებით, გადაწყვეტილებები საქართველოსა თუ უკრაინის შესახებ არ იქნება მიღებული ამ ქვეყნების ჩართულობის გარეშე.
- ოპოზიცია ქართულ ოცნებას უკრაინის მრავალპარტიული მხარდამჭერისკენ მოუწოდებს
- თბილისი 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოსკოვის მოწოდებას გმობს
თავის მხრივ, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მინისტრმა კულებამ ქართველ კოლეგას უკრაინის საზღვრების გარშემო და რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაციის, ასევე რუსეთის შემდგომი აგრესიის შესაკავებლად უკრაინისა და მისი პარტნიორების მიერ მიღებული ზომების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
სამინისტრომ აღნიშნა, რომ თბილისი არ აპირებს კიევში საქართველოს საელჩოს თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების ევაკუაციას.
უკრაინის საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტრებმა ნატოსთან და ევროკავშირთან ურთიერთობებში თავიანთი შემდგომი ნაბიჯები შეათანხმეს.
ამავე ინფორმაციით, მინისტრებმა „განსაკუთრებული ყურადღება“ დაუთმეს ასოცირებული ტრიოსა და სუამის ეკონომიკური პროექტების განვითარებას ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდის, ასევე რეგიონში ექსპორტიორებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის მიზნით.
სამინისტროს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მინისტრმა კულებამ საქართველოს დაპატიმრებული ექსპრეზიდენტის, ამჟამად უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის საკითხიც დააყენა და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მისი უფლებები და ინტერესები უნდა დაიცვას. კულებამ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ სააკაშვილის სამედიცინო შემოწმებისთვის მასთან უკრაინელი ექიმი შეუშვან, რაზეც ადრე საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)