Site icon Civil.ge

შშმ არასრულწლოვანზე ძალადობის საქმეზე ორი პოლიციელი დააკავეს

ფოტო: Unsplash.com

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 25 იანვარს განაცხადა, რომ ისნის მეტროსადგურში სმენადაქვეითებულ 17 წლის ახალგაზრდის ცემის საქმეზე ორი პოლიციელი დააკავეს.

სამსახურის განცხადებით, დაკავებულებიდან ერთ პოლიციელს მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას ედავება.

მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლით (მე-2-ს „ა“, „ბ“ და „ზ“) მუხლებით მიმდინარეობს, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე, ჯარიმით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე ან უამისოდ, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

მეორე პოლიციელს, რომელიც გავრცელებული კადრების მიხედვით მოძალადე პოლიციელის გვერდით იდგა და მის შეჩერებას არ ცდილობდა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.

მის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით (1-ელი) მიმდინარებს, ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა განაცხადა, რომ შემთხვევა 23 იანვარს მოხდა და საქმის დამატებითი დეტალებიც გაასაჯაროვა. კერძოდ, ინსპექტორის თქმით, არასრულწლოვანი ესკალატორთან მყოფმა პოლიციელმა მეტროს ფოიეში მდებარე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის განკუთვნილ ოთახში აიყვანა, სადაც ახალგაზრდას იქ მყოფმა სხვა პოლიციელმა სცემა.

„არასრულწლოვანმა მიიღო დაზიანებები თავისა და სახის არეში, განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და თავი იგრძნო დამცირებულად“, – განაცხადა ინსპექტორის სამსახურმა.

შშმ არასრულწლოვნის ცემას საზოგადოების მძაფრი რეაქცია მოჰყვა

არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ 24 ინავარს განაცხადა, რომ „ბოლო დროს პოლიციის მხრიდან ძალის აშკარა გადამეტების ერთეულ შემთხვევასთან არ გვაქვს საქმე“.

ორგანიზაციის შეფასებით, მსგავსი შემთხვევები სამინისტროში არსებულ „მძიმე“ ვითარებაზე მიუთითებს და „უწყების მხრიდან გამოვლენილ ძალადობის“ პრაქტიკა „ჩაკეტილობის, ნაკლები ანგარიშვალდებულების და პოლიტიკურ ძალაუფლებაზე მორგების შედეგია“.

„სამართალდამცავი უწყებების ურთიერთობა ადამიანთან ხშირად რეპრესიას და შიშის დანერგვას ეფუძნება“, – განაცხადეს „სოციალური სამართლიანობის ცენტრში“.

მომხდარი გუშინ მოქალაქეებმა ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისთან და შს სამინისტროსთან გააპროტესტეს. ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანეები“ დღეს, 19:00 სთ-ზე მთავრობის კანცელარასთან საპროტესტო აქციას გეგმავენ სახელწოდებით – „პოლიციური სახელმწიფო-როდემდე?“.

ასევე წაიკთხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)