Site icon Civil.ge

პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრობის კანდიდატები შეარჩია

ცენტრალური საარჩევნო კომისია, ფოტო: cesko.ge

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის ორი და ცესკოს წევრობის ოთხი კანდიდატი წარუდგინა.

პრეზიდენტმა კომისიის წევრობის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ოთხი კანდიდატი – ქრისტინე ქაჯაია, ლევან ისაკაძე, მაია ზარიძე და გია ცაცაშვილი დაასახელა.

რაც შეეხება ცესკოს თავმჯდომარის პოსტს, ამ თანამდებობაზე სალომე ზურაბიშვილმა მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი და თენგიზ თევზაძე წარადგინა.

33 წლის თენგიზ თევზაძეს 2012-2018 წლებში ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებაში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა. სულ ბოლოს იგი „სამოქალაქო პლატფორმა 2020“-ის აღმასრულებელი დირექტორი იყო.

რაც შეეხება გიორგი კალანდარიშვილს, რომელიც ცესკოს დიდი ხნის თანამშრომელია, ის თავმჯდომარის პოსტზე 2021 წლის აგვისტოში, ექვსთვიანი ვადით აირჩიეს. მან ოპოზიციის მხარდაჭერა და შესაბამისად, კვალიფიციური უმრავლესობა ვერ მოიპოვა, რაც ხუთწლიანი ვადით მის დანიშვნას უზრუნველყოფდა.

პარლამენტის რეგლამენტში კვალიფიციური უმრავლესობით არჩევის მოთხოვნა ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის 19 აპრილს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების ფარგლებში შევიდა. თუმცა, მოგვიანებით, ქართულმა ოცნებამ ცესკოს თავმჯდომარის შერჩევის მექანიზმში ცვლილებები შეიტანა და ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების დაუყოვნებლივ არჩევა უბრალო უმრავლესობით, ექვსი თვის ვადით გახდა შესაძლებელი.

თუმცა, 17 დეკემბერს ქართული ოცნების დეპუტატებმა გააუქმეს იმ მექანიზმის ნაწილი, რომელიც კანდიდატებზე ოთხ განმეორებით კენჭისყრას შორის ოთხკვირიან ვადას და შესაბამისად ოთხთვიან პროცესს ითვალისწინებდა.

დეკემბრის ცვლილებებით, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებას ეწინააღმდეგება, თუ 150-წევრიანი პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარეს ან მის წევრებს ხმების 2/3-ით ვერ აირჩევს, თავმჯდომარის უბრალო უმრავლესობით ექვსი თვის ვადით არჩევა უკვე მეორე მოსმენაზე იქნება შესაძლებელი.

მართალია, როგორც კალანდარიშვილი, ისე თევზაძე საკუთარ თავს ნეიტრალურ კანდიდატებად მიიჩნევენ, ოპოზიციამ კალანდარიშვილის დამოუკიდებლობის შესახებ ეჭვები გამოთქვა.

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა – ლელომ და სტრატეგია აღმაშენებლმა – განაცხადეს, რომ ისინი მხარს თევზაძეს დაუჭერდნენ.

კანდიდატების შერჩევის თაობაზე წუხილი არასამთავრობო ორგანიზაციებმაც გამოთქვეს და შესარჩევ კომისიაში მუშაობიაზე პრეზიდენტის მოწვევა არ მიიღეს.

მედიასთან საუბარში, არასამთავრობო ორგანიზაციების – „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებისა“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელებმა – ნინო დოლიძემ და ნიკა სიმონიშვილმა განაცხადეს, რომ კომისიის წევრების უმეტესობა ხელისუფლების ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებდა და გადაწყვიტეს, რომ „ფორმალური პროცესის მონაწილეები“ აღარ ყოფილიყვნენ.

საქართველოს პრეზიდენტმა კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი 28 დეკემბერს გამოაცხადა. თავმჯდომარის პოსტზე განაცხადი ოთხმა კანდიდატმა, ხოლო წევრობაზე შვიდმა კანდიდატმა წარადგინა. კომისიამ ცესკოს წევრობის ოთხი და თავმჯდომარეობის სამი კანდიდატი – თენგიზ თევზაძე, გიორგი კალანდარიშვილი და თამაზ ფოლადაშვილი – 15 იანვარს შეარჩია. ამ უკანასკნელის კანდიდატურას მხარი პრეზიდენტმა არ დაუჭირა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)