Site icon Civil.ge

ლონდა თოლორაიამ ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე პარლამენტის გადაწყვეტილება საკონსტიტუციოში გაასაჩივრა

სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია, ფოტო: sis.gov.ge

სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ დღეს საკონსტიტუციო სასამათლოში გაასაჩივრა ქართული ოცნების დეპუტატების მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება.

ლონდა თოლორაიას განცხადებით, პარლამენტის მიერ სახელმწიფო ინსპექტორისთვის 6-წლიანი უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლს, საჯარო თანამდებობის დაკავების უფლების შესახებ.

სახელმწიფო ინსპექტორმა საკონსტიტუციო სასამართლოსგან საქმეზე შემჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე „გასაჩვრებული ნორმების მოქმედების დაუყოვნებლივ შეჩერებაც“ მოითხოვა.

ქართული ოცნების მიერ 2021 წლის 30 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, ინსპექტორის სამსახურის ფუნქციონირებას მარტიდან შეწყვეტს და მის ნაცვლად ორი ახალი ორგანო – სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურები შეიქმნება.

თოლორაიას თქმით, საქმიანობის სათანადოდ განხორციელებისთვის ინსპექტორის სამსახურისთვის მნიშვნელოვანია როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლებისგან დამოუკიდებლობა.

„უწყების დამოუკიდებლობის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტი მისი ხელმძღვანელის არჩევითი ბუნება და უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში კანონით მისთვის დაწესებული ხელშეუხებლობის გარანტიებია. სწორედ საქმიანობის თავისებურების გათვალისწინებით, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა, მისი შინაარსითა და დანიშნულებით, განსაკუთრებულ კონსტიტუციურ დაცვას საჭიროებს“, – განაცხადა თოლორაიამ.

ამ კონტექსტში მან ქართული ოცნების დეპუტატები „თვითნებურად, საკანონმდებლო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გზით“ იმ ორგანოს გაუქმებისთვის გააკრიტიკა, რომელიც პასუხისმგებელია „წამებისა და არასათანადო მოპყრობის გამოძიებაზე, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების მონიტორინგზე და ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე გარე კონტროლის განხორციელებაზე“.

მისივე თქმით, ამგვარ გადაწვეტილებებს ექნება „მსუსხავი ეფექტი“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მომავალ უფროსებზეც.

თოლორაიას თქმით, კანონმდებელმა უნდა დაასაბუთოს ის მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესი, რომელიც კონსტიტუციის 25-ე მუხლით გარანტირებული უფლების შეზღუდვის აუცილებლობას განაპირობებს. მისივე მტკიცებით, ერთი მხრივ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე ორი იდენტური ფუნქციის მქონე სამსახური იქმნება, თუმცა მათი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე მეტად გაძლიერება არ ხდება.

თოლორაიასვე განცხადებით, დეპუტატებმა ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ერთ-ერთ „ლეგიტიმურ მიზნად“ მის ფუნქციებში არსებული ინტერესთა კონფლიქტის გადაჭრა დაასახელეს, თუმცა შესაბამისი მაგალითები ვერ წარმოადგინეს.

„ასეთი ლეგიტიმური მიზნის არსებობის შემთხვევაშიც კი, სახელმწიფო ინსპექტორს უნდა მიცემოდა არჩევანის შესაძლებლობა – დარჩენილ ვადაში მუშაობა გაეგრძელებინა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსად“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

საკონსტიტუციოს ომბუდსმენმაც მიმართა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების, ასევე ინსპექტორისა და მისი მოადგილეების თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ქართული ოცნების გადაწყვეტილების ანტიკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს სახალხო დამცველის ოფისმაც მიმართა.

სახალხო დამცველი მიიჩნევს რომ გადაწყვეტილება ეწინააღმდეგებაკონსტიტუციის 25-ე მუხლს, რომელიც კრძალავს საჯარო მოხელეთა თანამდებობიდან დაუსაბუთებელ გათავისუფლებას, ასევე კონსტიტუციის მე-9 მუხლს, რომელიც არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტიან გამოძიებას მოითხოვს და მე-15 მუხლს, რომელიც პირადი ცხოვრების კონსტიტუციურ გარანტიას ადგენს.

ომბუდსმენის 25 იანვრის განცხადებით, სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა, რომელიც „დამოუკიდებლობის განსაკუთრებული გარანტიებით“ სარგებლობს, „მხოლოდ მნიშვნელოვანი მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის არსებობის დროს შეიძლება იყოს გამართლებული“, რასაც მისივე თქმით, ამ შემთხვევაში „ადგილი არ ჰქონია“.

„საქართველოს სახალხო დამცველი შუამდგომლობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე – შეჩერდეს სადავო ნორმატიული აქტების მოქმედება 2022 წლის 1 მარტამდე, რათა შესაძლებელი გახდეს ეფექტური კონსტიტუციური კონტროლის განხორციელება“, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

სახალხო დამცველმა ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებებს სასარჩელო მოთხოვნის მხარდასაჭერად საკონსტიტუციოში სასამართლოს მეგობრის მოსაზრებების წარდგენისკენ მოუწოდა. „აღნიშნული დავის გადაწყვეტა მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვის თვალსაზრისით“, – დასძინა ომბუდსმენმა.

წინაისტორია

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ ქართული ოცნების განზრახვაზე ცნობები მედიაში გასული წლის 24 დეკემბერს გავრცელდა, რასაც დასავლელი პარტნიორების, საერთაშორისო საზოგადოების, ქვეყნის პრეზიდენტის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

შედეგად ქართულმა ოცნებამ უკან დაიხია და ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლების, გარდა თავად ინსპექტორისა და მისი მოადგილეებისა, სანაცვლოდ შექმნილ ორ ახალ უწყებაში გადანაწილება შესთავაზა.

ქართული ოცნების დეპუტატებმა ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილეს და 29-30 დეკემბრის რიგგარეშე სხდომებზე სამი მოსმენით მიიღეს. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კანონპროექტს ვეტო არ დაადო და ცვლილებებს ხელი 13 იანვარს მოაწერა.

შენიშვნა: მასალა 2022 წლის 25 იანვრის 18:45 სთ-ზე, ომბუდსმენის განცხადების შესაბამისად განახლდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)