ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ სიტყვაში, აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ „ჩვენ ვდგავართ ამბოხებული, რევანშისტული რუსეთის წინაშე, რომელსაც განზრახული აქვს თავისი იმპერიის აღდგენა გავლენის პრივილეგირებული სფეროს დამყარების გზით“.
აღნიშნა რა, რომ რუსეთმა არაერთხელ აჩვენა, რომ „არ სცემს პატივს საქართველოსა და სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს“, კელი დეგნანმა განაცხად, რომ რუსეთი „არის ერთადერთი ქვეყანა ევროპაში, რომელსაც ოკუპირებული აქვს სხვა სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიები“.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საუკუნეების განმავლობაში, საქართველო არაერთხელ იყო რუსული აგრესიის მსხვერპლი და დასძინა – „ჯერ კიდევ 19 საუკუნეში, როდესაც რუსეთმა 1801 წელს 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის დარღვევით მოახდინა ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსია, შემდეგ 1921 წელს, როდესაც კრემლი შეიჭრა და დაიპყრო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა მოსკოვის ხელშეკრულების დარღვევით და, რა თქმა უნდა, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, 2008 წელს“.
სწორედ რუსეთმა გაანადგურა საქართველოს პირველი რესპუბლიკა 1921 წელს, შეურაცხჰყო საქართველოს ეკლესიები და ჰქონდა ქართული ენის ჩახშობის წარუმატებელი მცდელობა“.
კელი დეგნანმა აგრეთვე აღნიშნა, რომ „რუსეთის მხრიდან საქართველოს კულტურის, რწმენის, ენისა და ტრადიციებისადმი უპატივცემულობისგან, სრულიად განსხვავებით შეერთებულ შტატები, ევროპა და საქართველო კეთილდღეობის, თავისუფლებისა და ღირსების საერთო ხედვას იზიარებენ.
ამერიკელი დიპლომატის განცხადებით, 30-წლიანი თანამშრომლობის შედეგად აშშ ამაყობს, რომ ქართველი ხალხის ნდობა და მეგობრობა დაიმსახურა. აშშ-ის ელჩმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აშშ-საქართველოს საერთო მიზნებისადმი ვაშინგტონში არის „დიდი ინტერესი და ორპარტიული მხარდაჭერა“. „შეერთებულ შტატებს უდიდესი ინტერესი აქვს, რომ საქართველომ თავისი ტრანსატლანტიკურ მიზნებს მიაღწიოს“, – ხაზი გაუსვა მანვე.
„ქართველებმა გამოსცადეს საბჭოთა ზეწოლა ქართულ ენაზე და ეკლესიის ნგრევა. თქვენ ნახეთ, როგორ ატერორებდნენ კანონიერი ქურდები ჩვეულებრივ მოქალაქეებს და ძირავდნენ ქვეყანას უკანონობაში. თქვენ გინახავთ ომი, ბრძოლა, პოლიტიკური არეულობა, რევოლუცია, მაგრამ ასევე ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა. ეს არის რეალური პროგრესი“, – განაცხადა ელჩმა დეგნანმა.
მანვე აღნიშნა, რომ მთელი ამ მღელვარე პერიოდის განმავლობაში, შეერთებული შტატები მხარს უჭერდა ქართველ ხალხს და პირობა დადო, რომ მისი ქვეყანა მომავალშიც იდგება ქართველი ხალხის გვერდით, რათა „მხარი დაუჭიროს ჩვენს საერთო ღირებულებებს და გააძლიეროს მათ დასაცავად აუცილებელი ინსტიტუტები“.
ხაზი გაუსვა რა, აშშ-ის ძალისხმევას საქართველოს თავდაცვის ძალების, სანაპირო დაცვისა და სასაზღვრო პოლიციის მოდერნიზაციაში, კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ „საქართველოს მდგრადობის გაძლიერების, საზღვრებისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში დასახმარებლად“ აშშ-მა 1.5 მლრდ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია გაიღო.
მანვე განაცხდა, რომ საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, გლობალური სტაბილურობის ხელშეწყობისა და საზღვრებზე უკანონო იარაღის, ნარკოტიკებისა და საშიში ნივთიერებების შემოდინების შემცირების საქმეში. მისივე თქმით, საქართველომ და აშშ-მა დაამტკიცეს, რომ ეფექტიანად იბრძვიან რეგიონული და გლობალური საფრთხეებისა და გამოწვევების წინააღმდეგ და დიპლომატიური გზით ერთობლივად მუშაობენ ისეთ საერთაშორისო ფორუმებზე, როგორებიცაა გაერო, ეუთო და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები.
„შეერთებული შტატები აცნობიერებს, რომ ჩვენი ალიანსებისა და პარტნიორობის გლობალური ქსელი ჩვენი უდიდესი ძალაა და საქართველო ამ ქსელის ღირებული ნაწილია“, – აღნიშნა კელი დეგნანმა და დასძინა, რომ „სწორედ ამიტომ, შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს გაწევრიანებას ნატოში, სადაც მოკავშირეები ერთობლივად მუშაობენ მშვიდობისა და ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოებისთვის“.
აშშ-ის ასევე განაცხადა, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობა „ბევრად უფრო ღრმა და ფართოა, ვიდრე უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა“. „ქართველ პარტნიორებთან ერთად ძალიან ბევრს ვაკეთებთ საქართველოს ეკონომიკის სტიმულირების, საქართველოს ენერგომომარაგების დივერსიფიკაციის, განათლების სისტემის ყველა დონის გაუმჯობესებისა და საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის“, – ხაზი გაუსვა მანვე.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)