ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის, უკრაინის მხარდამჭერი მრავალპარტიული რეზოლუციის მიღების მცდელობა, როგორც ჩანს, წარუმატებელი აღმოჩნდა, რამდენადაც ქართული ოცნების მიერ შემოშავებულ პროექტში რუსეთი ნახსენები არ არის.
მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ კონსულტაციები მას შემდეგ დაიწყეს, რაც 24 იანვარს, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ლელომ და სტრატეგია აღმაშენებელმა ქართული ოცნების დეპუტატებს კიევის მხარდასაჭერად ერთიანი პოზიციის დაკავებისკენ მოუწოდეს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხისა და ნატოში უკრაინა-საქართველოს არმიღების მოთხოვნის ფონზე.
26 იანვარს, მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ თქვა, რომ ისინი ისეთი რეზოლუციის თანაინიციატორები ვერ იქნებიან, სადაც „რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესია მოხსენიებული არ არის“.
მანვე ხაზი გაუსვა, რომ საკითხზე მსჯელობა გაგარძელდება და „არ არის გამორიცხული, რომ ოპოზიციამ ალტერნატიული რეზოლუციის პროექტი დაარეგისტრიროს“.
ლელოს საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ქართულმა ოცნებამ განსახილველად არა გაუმჯობესებული, არამედ თავდაპირველი ვერსია წარმოადგინა.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „რეფორმატორების“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის მიერ მმართველი გუნდისთვის შეთავაზებული ფორმულირებები არ იყო აცდენილი რეალობას და არც ტონს, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს ჰქონდა, თუმცა მაინც არ გაითვალისწინეს.
საპასუხოდ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განმარტა, რომ მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული ტექსტი „დაცლილია ყოველგვარი პოპულისტური თუ პროვოკაციული რიტორიკისგან“.
მისივე შეფასებით, ოპოზიციამ რეზოლუციის პროექტს მხარი უნდა დაიჭორს, რადგანაც „აქ არის თითოეული სიტყვა გაზომილი და არცერთი ფრაზა არ არსებობს, რაც შეიძლება იყოს სადავო“.
ქართული ოცნების რეზოლუციის პროქტის მთავარი პუნქტები
„[პარლამენტი] გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული, რაც ახალ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას“, – ნათქვამია ტექსტში.
ტექსტში ასევე ხაზგასმულია, რომ „ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება და სამხედრო-პოლიტიკური ინსტრუმენტებით ამ უფლების შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია“.
ტექსტის თანახმად, საქართველოს პარლამენტი მიიჩნევს, რომ „უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი“.
რეზოულუციის პროექტი სოლიდარობას უცხადებს „მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელსაც ყოველგვარი შესაძლო სამხედრო ესკალაციით მძიმე ზიანი შეიძლება მიადგეს“.
ასევე წაიკითხეთ:
- დავით ზალკალიანმა უკრაინას საქართველოს „ურყევი მხარდაჭერა“ დაუდასტურა
- ოპოზიცია ქართულ ოცნებას უკრაინის მრავალპარტიული მხარდამჭერისკენ მოუწოდებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)