საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე სომხეთში 26-28 იანვრის ვიზიტის ფარგლებში, სომეხ კოლეგას, კარენ ანდრესიანს შეხვდა და სამინისტროს მიერ გატარებულ რეფორმებზე იმსჯელა.
„ჩვენ შევთანხმდით განსაკუთრებულ თანამშრომლობაზე სახელმწიფო სერვისების სფეროში“, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ ბრეგაძემ. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მინისტრმა ბრეგაძემ განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ სომხეთს მოძრავი იუსტიციის სახლების შესახებ გამოცდილება გაუზიარა, რომლებიც მოქალაქეთათვის საჯარო სერვისების გასაწევად, სოფლებში მიემგზავრებიან.
მისივე თქმით, მან კოლეგას სასჯელაღსრულების სფეროში „ინოვაციური“ პროდუქტის „PROBBOX-ის“ შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია, რომლის მეშვეობითაც, „პრობაციონერებს საშუალება აქვთ, მიიღონ ყველა ის მომსახურება, რომელთაც აქამდე იღებდნენ პრობაციის ბიუროებში“.
მინისტრები დოკუმენტების გაყალბების პრევენციის მიზნით აქტიურ თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ.
იუსტიციის მინისტრთან ერთად ერევანში იმყოფებიან მისი მოადგილეები – თამარ ტყეშელაშვილი და ბუბა ლომუაშვილი, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, ოლეგ (ბაჩო) თორთლაძე და სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსი, ნიკა ცხვარაშვილი. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია საქართველოს დელეგაციის შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და პარლამენტის სპიკერ ალენ სიმონიანთან.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)