Site icon Civil.ge

ახალი კვლევით, მოქალაქეთა უმრავლესობა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა

პარლამენტის წინ 18 ნოემბრის საპროტესტო აქციის დაშლა. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულების 83%-ისთვის მისაღებია ევროკავშირში გაწევრიანებაზე საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, რაც წინა, 2021 წლის კვლევის 76%-იან მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა. 8%-ისთვის მიუღებელია, 8%-მა კი არ იცის.

NDI-ის თქმით, მოქალაქეები პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად თანხმდებიან, რომ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება მნიშვნელოვანია.

ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა ყველაზე მაღალი მაჩვენებლით – 85%-ით – თბილისი ლიდერობს, ყველაზე დაბალი – 82% კი – სოფლად ფიქსირდება.

ევროკავშირის წევრობას ყველაზე მეტად – 89% – 18-34 წლის მოქალაქეები ემხრობიან. 35-54 და 55+ ასაკობრივ ჯგუფებში ეს მონაცემი 81% და 79%-ია.

NDI-ისთვის საველე სამუშაოები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით CRRC-საქართველომ ჩაატარა. გამოკითხვა ჩატარდა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2 099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევის ავტორების თქმით, ცდომილების საშუალო ზღვარი +/-1.4%-ია.

კვლევის თანამხად, წინა, 2021 წლის ივლისის კვლევასთან შედარებით, 74%-დან 77%-მდე გაიზარდა ნატოში გაწევრიანების მხარდამჭერთა რიცხვიც. 11% ნატოს წევრობას მხარს არ უჭერს, 12%-მა არ იცის.

ნატოს წევრობის მხარდამჭერთა რიცხვი ყველაზე მაღალი – 80% – ასევე თბილისშია, სხვა ქალაქებში ეს მაჩვენებელი 78%-ს შეადგენს, სოფლად კი – 73%-ს.

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების ყველაზე მაღალი მაჩვენებლი – 84% – 18-34 ასაკობრივ ჯგუფში ფიქსირდება, 35-54 და 55+ ჯგუფებში კი – ეს მონაცემბი 75% და 71%-ის ტოლია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)