Site icon Civil.ge

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი: ნატოს ღია კარის პოლიტიკა არ შეიცვლება 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, ფოტო: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

„ჩვენ დავიცავთ ნატოს ღია კარის პრინციპს“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 26 იანვარს, მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა მოსკოვს „უსაფრთხოების გარანტიებზე“ წერილობითი პასუხი გადასცა.

მან პასუხის დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ დოკუმენტში „მკაფიოდაა საუბარი რამდენიმე ძირითად პრინციპზე, რომელთაც მხარს ვუჭერთ, ვუერთგულებთ და დავიცავთ“.

აღნიშნა რა, რომ ამერიკის შეერთებილი შტატები ალიანსისგან დამოუკიდებლად, ცალმხრივ გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს, ბლინკენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონის მოსაზრებით, ნატოს კარი ღია რჩება და მის პოლიტიკაში „არანაირი ცვლილება არ იქნება“.

განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც აშშ-მა და ნატომ მოსკოვს, რომელიც ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და რუსეთის საზღვრებთან სამხედრო ქმედებების შეწყვეტას ითხოვდა, საკუთარი წინადადებები გადასცეს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ნატოს შორის ევროპაში კოლექტიური უსაფრთხოების საკითხებზე განსხვავებები არ არსებობს.

მისი განმარტებით, აშშ-ის მიერ გაგზავნილი დოკუმენტი ასახავს ვაშინგტონის და მისი მოკავშირეების შეშფოთებას „რუსეთის ქმედებების გამო, რაც ძირს უთხრის უსაფრთხოებას, აგრეთვე რუსეთის მიერ გამოხატული შეშფოთების პრინციპულ და პრაგმატულ შეფასებას და ჩვენს წინადადებებს იმ სფეროებთან დაკავშირებით, სადაც შეიძლება საერთო ენის გამონახვა“.

ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ არ გაასაჯაროვებს დოკუმენტს, რადგანაც მიაჩნია, რომ დიპლომატიას წარმატების საუკეთესო შანსი აქვს, თუკი იქნება სივრცე კონფიდენციალური მოლაპარაკებებისთვის.

ამბის წინაისტორია 

რუსეთმა „უსაფრთხოების გარანტიების“ შესახებ წინადადებები აშშ-ს და ნატოს 2021 წლის დეკემბერში წარუდგინა.

მოსკოვი ითხოვს, რომ ვაშინგტონთან და ნატოს მოკავშირეებთან ხელი მოეწეროს შეთანხმებებს, რომელიც ალიანსის აღმოსავლეთით გაფართოებას, ასევე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების, მათ შორის, საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას აღკვეთს.

მოსკოვი ასევე მოითხოვს, რომ აშშ-მა და მოკავშირე ძალებმა თავი შეიკავონ ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობისგან, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ტერიტორიებზე სამხედრო წვრთნებისა და სხვა „სამხედრო ქმედებებისგან“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)