პოლიტიკოსებმა აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ 27 იანვარს გამოქვეყნებული კვლევა შეაფასეს, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად, მოქალაქეები ამბობენ, რომ პოლიტიკური პარტიების მიმართ ნაკლები ნდობა აქვთ.
გამოკითხულების 51% არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ქართული ოცნება ხალხისა და ქვეყნის ინტერესების გათვალისიწნებით მოქმედებს, რესპონდენტების 53% კი – იმავეს ოპოზიციაზე ამბობს.
„სამოქალაქო საქართველო“ NDI-ის კვლევაზე ქართული ოცნებისა და ოპოზიციის შეფასებებს გთავაზობთ:
ქართული ოცნების შეფასება
შალვა პაპუაშვილი – პარლამენტის თავმჯდომარე: „ჩვენთვის მთავარი კვლევა არის არჩევნები, მით უმეტეს, როდესაც ეს არჩვენები სულ რაღაც ორიოდე თვის წინ იყო ჩატარებული. Ჩვენ გვესმის, როგორც ჩვენი მოსახლეობის წუხილები და ის გამოწვევები, რომლებიც ჩვენ სახელმწიფოს აქვს, ისე ვაცნობიერებთ იმ ლეგიტიმაციას, რომელიც გააჩნია ქართული [ოცნების] ხელისუფლებას და რომელიც დადასტურდა ერთი წლის განმავლობაში ორი არჩევნების [2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების ორი ტური] მეშვეობით, რომ ქართულ ოცნებას დღეს მოსახლეობაში გააჩნია ყველაზე მაღალი ნდობა, სხვა პარტიებთან შედარებით“.
ალუდა ღუდუშაური – ქართული ოცნების დეპუტატი: „ჩვენ არაერთი კვლევა გვინახავს და შემდეგ, რეალური კვლევა, რომელსაც ხალის ნდობა ჰქვია და რომელსაც არჩევნები ჰქვია, იქ სხვაგვარად დაფიქსირებულა და სხვა რეზულტატი გვქონია. ერთი რამე არის ცხადი, რომ როცა მთელი ამ ხნის განმავლობაში ხარ ხელისუფლებაში და ქვეყნის აბსოლიტური უმრავლესობის გადაწყვეტილებით გაქვს მაღალი ლეგიტიმაცია და ნდობა იმისა, რომ ქვეყანა მართო ეს მიუთითებს იმაზე, რომ დიახ, ქართული ოცნება ყველაზე ახლოს არის საზოგადოებასთან“.
ოპოზიციის შეფასება
ბადრი ჯაფარიძე – ლელო საქართველოსთვის: „ჩვენ ცალსახად ვეთანხმებით, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები ძალიან მძიმე მდგომაროებაში არიან… რა თქმა უნდა, ჩვენს მოსახლეობას სურს, რომ დაინახოს ოპოზიცია უფრო მეტად საუბრობდეს მათ ყოველდღიურ პრობლემებზე და ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ თვალსაზრისით კიდევ უფრო მეტად გავაქტიურდებით. მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს და ჩვენ თანამოქალაქეებს, რომ სანამ უმრავლესობაში არის ქართული ოცნება, ის პრობლემები, რომლებიც მათ აწუხებთ, ვერ გადაწყდება. ამიტომ, ერთადერთი გამოსავალი არის ხელისუფლების ცვლილება“.
ხათუნა სამნიძე – რესპუბლიკური პარტია: „მძიმეა, იმის წაკითხვა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა არ ენდობა არც პარლამენტს, არც პოლიტიკურ პარტიებს, არც უმრავლებოას, არც ოპოზიციას… სამჯერ გაუარესდა ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობა, რაც არის კატასტროფა. ისევე, როგორც დემოკრატია – რომ არ არის ეს ქვეყანა [დემოკრატიული], ყველა მეორე თვლის ასე, ამ ქვეყანაში. ძალიან მძიმეა ეს მონაცემები და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების ხელმძღვანელობის პირობებში ,ეს ქვეყანა მიდის უკან ყველა მიმართულებით“.
გიგა ბოკერია – ევროპული საქართველო: „მძიმე რეალობაა და, სამწუხაროდ, ადეკვატური ჩვენი საზოგადოების მხრიდან იმედგაცრუება პოლიტიკური პროცესის მიმართ, მთლიანად… და, სამწუხაროდ, ამას ხელი შეუწყო ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილის, ოღონდ ეს ევროპულ საქართველოს არ ეხება, არათანმიმდევრულობამ და რიგ შემთხვევაში – უპრინციპობამ, რომელიც მერე ივანიშვილის პროპაგანდამ გამოიყენა ეფექტურად“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)