Site icon Civil.ge

“სახალხო პრაიმერი”: ფრანგი სოციალისტების ექსპერიმენტი დეპოლარიზაციისათვის

სახალხო პრაიმერის გამარჯვებული, კრისტიან ტუბირა

ფრანგი სოციალისტები საარჩევნო კატასტროფის წინაშე დგანან. ყველა მემარცხენე პარტია კარგავს მხარდაჭერას. თუკი მათგან ისტორიულად ყველაზე ძალმოსილ, საფრანგეთის სოციალისტურ პარტიას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში 10.3 მილიონმა ფრანგმა მისცა ხმა, 2017 წლის არჩევნებისთვის პარტიამ 8 მილიონი ხმა დაკარგა. მემარცხენე ფლანგი დაქუცმაცდა და ფრანგულ საარჩევნო სისტემაში პატარა პარტიებს წარმატების შანსები თითქმის არა აქვთ. ვითარებიდან გამოსავლის ძიებაში, ფრანგმა სოციალისტებმა ახალი იდეა გამოსცადეს – სახალხო პრაიმერი.

რა არის “სახალხო პრაიმერი”?

იდეა 2020 წელის ოქტომბერში საინიციატივო ჯგუფში დაიბადა, რომელშიც “სოციალური ანტრეპრენიორები” და აქტივისტები შედიოდნენ. მათი იდეა ის იყო, რომ რაკი საფრანგეთში ორი ძირითადი ბლოკი ჩამოყალიბდა – “იდენტობის პოლიტიკისა” (ლე პენი, ზემური…) და “ნეოლობერალურიო” (მაკრონი და მემარჯვენე ცენტრისტები), საჭიროა მესამე “სამართლიანობის ბლოკის” კონსოლიდაცია, რომელიც ადამიანის უფლებებსა და სოციალურ სამართლიანობაზე ისაუბრებსო.

2021 წლის თებერვალში შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი “2022-ში ან არასდროს”, რომელმაც საზოგადოების შემოწირულობებით 30 ათასი ევრო შეაგროვა, ექვსი შტატიანი თანამშრომელი იქირავა და ზეპარტიული სამოქალაქო პლატფორმის შექმნაზე დაიწყო მუშაობა. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემძლე კანდიდატის შესარჩევად დაიგეგმა “სახალხო პრაიმერი”, რომელსაც რამდენიმე ეტაპი ჰქონდა:

პირველ ეტაპზე, მაისიდან ივლისამდე, პარტიული ჯგუფებისა და მოქალაქეების ჩართულობით ის საკითხები შეჯერდა, რომლებიც ერთიანი დღის წესრიგის საფუძვლად უნდა ქცეულიყო. ეს საკითხები 2021 წლის ივლისისათვის ათ ძირითად წინადადებამდე დავიდა, რომელზეც ყველა მოწინავე მემარცხენე მოძრაობა თანხმდება.

მეორე ეტაპზე, 2021 წლის 11 ივლისიდან მოყოლებული მოქალაქეებს სთხოვეს ონლაინ პლატფორმის საშუალებით მხარი დაეჭირათ მათთვის სასურველი კანდიდატების ნომინირებისათვის – ან არსებული და ცნობილი მემარცხენე ლიდერების სახით, ანდა თავიანთი სურვილით, ახალი კანდიდატების დასახელებით. ეს პროცესი 11 ოქტომბრამდე გაგრძელდა.

მესამე ეტაპზე, 27-30 იანვარს, ონლაინ გაიმართა კენჭისყრა იმ შვიდ კანდიდატს შორის, ვინც ყველაზე მეტი მხარდაჭერი აღმოაჩნდათ მეორე ეტაპზე. კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება 16 წელზე უფრო საფრანგეთის იმ მოქალაქეებს ჰქონდათ, ვინც დაადასტურებდნენ, რომ ათ ძირითად წინადადებას ეთანხმებოდნენ.

რა პრინციპით გაიმართა კენჭისყრა?

“სახალხო პრაიმერი” ინოვაციური სისტემით გაიმართა. მას “უმრავლესობის შეფასების” (Majority Judgement, MJ) სისტემა ეწოდება და 2007 წელს შეიმუშავეს მიშელ ბალინსკიმ და რიდა ლარაკიმ.

სისტემის არსი ისაა, რომ ამომრჩეველი აფასებს ყველა მონაწილე კანდიდატის კვალიფიკაციას თანამდებობისათვის შემდეგ სკალაზე: ფრიადი, კარგი, საკმაოდ კარგი, შესაძლებელი, არასაკმარისი. ერთი და იგივე შეფასება შეიძლება ერთზე მეტ კანდიდატს მიენიჭოს.

საბოლოო შედეგი შეფასებების მედიანური მაჩვენებელია – საშუალო არითმეტიკულისაგან განსხვავებით, “მედიანური” ის მაჩვენებელია, რომელიც შეფასებების რიგის “შუაშია”. ამგვარი შეფასების გამოყენება, მეცნიერების აზრით, ამცირებს პოლარიზაციას და კანდიდატებს ამომრჩევლის მიერ მათი ღირსების შეფასების ნიშნით ახარისხებს.

რა დაჯდა ეს სიამოვნება?

ჯგუფმა “2022-ში ან არასდროს” განაცხადა, რომ დონაციების სახით 730 ათასი ევრო მიიღო და კიდევ 175 ათასი კი ისესხა. ეს ფული სამუშაოს ორგანიზებას, შტატის დაქირავებასა და გაწვრთნას, ვებ პლატფორმის შექმნას მოხმარდა.

რამდენად წარმატებული იყო პროცესი?

თავდაპირველად ისე ჩანდა, რომ ინიციატივა ჩაფლავდა, რადგან ყველა მემარცხენე პარტიამ თავისი კანდიდატი დამოუკიდებლად დააყენა არჩევნებში და ზოგმა ღიადაც განაცხადა, რომ “სახალხო პრაიმერის” შედეგებს მხედველობაში არ მიიღებდა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ დღეისათვის მემარცხენე კანდიდატების რეიტინგები ფრიად სავალაოა, გამართულმა პრაიმერიმ პრესის და პოლიტიკოსების დიდი ყურადღება მიიპყრო იმ იმედით, რომ ერთიანი კანდიდატის შერჩევა მოხერხდება.

შედეგები

პრაიმერიში ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა, კრისტიან ტუბირამ იმარჯვა, რაც მოსალოდნელი იყო – სწორედ მას ჰყავდა თავიდანვე ყველაზე მეტი მხარდამჭერი და თავად პრაიმერის იდეასაც სწორედ ის უჭერდა ყველაზე აქტიურად მხარს. მხოლოდ მან განაცხადა, რომ თუკი პრაიმერიში დამარცხდებოდა, საპრეზიდენტო არჩევნებიდან კანდიდატურას მოხსნიდა. მემარცხენეების ზოგადი უიმედობის ფონზე ამ წარმატებამ ტუბირას კარგი ფონი შეუქმნა. ზომიერი ნაბიჯების მომხრე, ტუბირა ცეცხლოვანი პოლიტიკოსი არაა, მაგრამ ბევრს ესიმპატიურება.

ნავარაუდევზე ბევრად უარესი გამოდგა სოციალისტური პარტიის კანდიდატის, ანნ იდალგოს შედეგი. ამას გამოკითხვებში მისი დაბალი პოპულარობაც ემატება, რაც ზრდის შანსებს, რომ პარიზის საკმაოდ პოპულარული მერი იძულებული იქნება, მოხსნას საპრეზიდენტო კანდიდატურა.

კანდიდატიფრიადიკარგისაკმაოდ კარგიშესაძლებელიარასაკმარისიშედეგი
კრისტიან ტუბირა (Christiane Taubira)49.41%18.01%11.68%7.91%12.99%კარგი+
იანიკ ჟადო (Yannick Jadot) 21.57%23.11%20.57%15.54%19.21%საკმაოდ კარგი+
ჟან-ლუკ მელანშონი (Jean-Luc Mélenchon) 20.49%15.33%16.73%18.29%29.16%საკმაოდ კარგი-
პიერ ლარუტრუ (Pierre Larrouturou) 13.37%14.53%19.42%18.11%34.58%შესაძლო+
ანნ იდალგო (Anne Hidalgo) 6.33%13.35%20.70%23.80%35.81%შესაძლო+
შარლოტ მერშანდიზი (Charlotte Merchandise)3.41%8.93%19.59%21.87%46.20%შესაძლო-
ანა აგებ-პოტრი (Anna Agueb-Poterie)2.86%7.34%18.19%21.05%50.56%არასაკმარისი
მონაწილე392,738
რეგისტრირებული466,895