Site icon Civil.ge

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ოპოზიციამ აირჩია

ქალაქი რუსთავი. ფოტო: Facebook / რუსთავის საკრებულო

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარედ ოპოზიციურმა პარტიებმა — ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ — გახარიას თანაგუნდელი ნოდარ შეროზია აირჩია.

შეროზიამ, რომელიც ერთადერთი კანდიდატი იყო, კენჭისყრაში მონაწილე 18-ივე ოპოზიციონერი წევრის ხმა მიიღო. ქართული ოცნების წევრებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

დღესვე, საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა ნაციონალური მოძრაობის წევრი ალექსანდრე ბერიძე პირველ მოადგილედ, ხოლო გახარიას პარტიის წევრი ზაზა ჯაიანი მოადგილედ აირჩეს.

35-წევრიან საკრებულოში ქართულ ოცნებას და ნაციონალურ მოძრაობას, თითოეულს, 16 წევრი ჰყავს, ხოლო გახარიას პარტიას – სამი. საკრებულოს საქმიანობა ბოლო ორი თვე პრაქტიკულად შეჩერებული იყო, რადგანაც 3 დეკემბერს გამართულ პირველ სხდომაზე თავმჯდომარის არჩევა ვერ მოხერხდა.

„რუსთავის საკრებულო კრიზისში იყო შესული და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ის კრიზისიდან გამოვიყვანოთ“, – უთხრა შეროზიამ ადგილობრივ გამოცემა „ინფო რუსთავს“.

შეროზიამ უარყო ინფორმაცია სხვა პარტიებთან წინასწარი მოლაპარაკებების შესახებ. მისი თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილეთა და კომისიების ხელმძღვანელთა თანამდებობებს არა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის, არამედ ქართული ოცნების წევრებსაც შესთავაზებს, რათა „პასუხისმგებლობები ყველა პარტიის წარმომადგენლებზე გადავანაწილოთ“.

ნოდარ შეროზია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში რუსთავის მერის მოადგილედაც მუშაობდა. მედიის ცნობით, 2016 წელს, მერის მოადგილედ მუშაობისას, შეროზიამ ერთ წელიწადში 14-ჯერ მიიღო პრემია-დანამატები — ჯამში 30 845 ლარი — რაც მის თანამდებობრივ სარგოსაც კი აღემატებოდა. 

თუმცა მმართველ პარტიას შემოთავაზება არ მიუღია და დღევანდელ სხდომაზე თავმჯდომარის მოადგილის კანდიდატის დასახელებაზე უარი განაცხადა.

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, რომელიც ქართული ოცნების წევრია, საკრებულოს სხდომის შემდეგ ნაციონალური მოძრაობა და გახარიას პარტია გააკრიტიკა. ლაცაბიძემ მათ „ერთ პოლიტიკურ ორგანიზმად ქცეული სუბიექტები“ უწოდა.

რუსთავის მერი იმედოვნებს, რომ საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები მის მიერ წარდგენილი „ქალაქის საჭიროებებზე მორგებული პროექტების“ დამტკიცებაზე უარს არ იტყვიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადა ლაცაბიძემ, ეს „პირდაპირი გზავნილი იქნება, რომ მათ არ აღელვებთ ჩვენი ქალაქის და მისი მოსახლეობის ბედი და მხოლოდ ვიწროპარტიული ინტერესები და მუდმივი პოლიტიკური საბოტაჟი აინტერესებთ“.

ქვეყნის სიდიდით მეოთხე ქალაქის საკრებულომ  წალენჯიხის და ჩხოროწყუს საკრებულოების მაგალითი გაიზიარა, სადაც თავმჯდომარეებად ასევე გახარიას პარტიის წევრები აირჩიეს.

დღეის მდგომარეობით, თავმჯდომარე ჯერაც ვერ აურჩევია სამ მუნიციპალიტეტის ზუგდიდის, სენაკისა და ბათუმის საკრებულოებს, რომლებშიაც ერთპარტიული უმრავლესობა 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ არცერთ პოლიტიკურ ძალას არა აქვს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)