Site icon Civil.ge

საქართველოს მთავრობამ რუსი ოპოზიციონერი ქვეყანაში არ შემოუშვა

Dmitry Gudkov. Photo: Gudkov's Facebook page

რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ყოფილმა დეპუტატმა დმიტრი გუდკოვმა დღეს განაცხადა, რომ საქართველოში არ შემოუშვეს და თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან უკან, კიევში გააბრუნეს.

გუდკოვის თქმით, მისი დეპორტაცია პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც საქართველოს ხელისუფლების დონეზე მიიღეს.

რუსი ოპოზიციონერის მტკიცებით, ქართველმა მესაზღვრეებმა, რომლებმაც წინასწარ იცოდნენ მისი ბიოგრაფიის შესახებ, დეპორტაციის მიზეზი არ აუხსნეს და განუცხადეს, რომ გადაწყვეტილება მათმა უფროსებმა მიიღეს.

„ესეც შენი რუსული ემიგრაციის ცენტრი. ესეც შენი ნახევრად რბილი ძალა და ნახევრად რუსული სამყარო“, — შენიშნა ირონიით გუდკოვმა.

რუსი ოპოზიციონერის თქმით, თბილისში პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს და დიპლომატებს უნდა შეხვედროდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „სამოქალაქო საქართველოს“ (Civil.ge) განუცხადა, რომ გუდკოვი უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის (პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის) საფუძველზე არ შემოუშვეს, რაც ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლად „საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებს“ აცხადებს.

კრემლის კრიტიკოსმა რუსეთი ზაფხულში, სახელმწიფო დუმის არჩევნების წინ დაპატიმრების შიშით დატოვა. იგი ამჟამად უკრაინაში ცხოვრობს.

გუდკოვის დეპორტაცია პირველი შემთხვევა არაა, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ რუს ოპოზიციონერს ქვეყანაში შემოსვლაზე უარი უთხრა. გასული წლის აგვისტოში საქართველოში არ შემოუშვეს ლიუბოვ სობოლიც, რომელიც დაპატიმრებული რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ახლო მოკავშირეა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)