უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 1 თებერვლის გადაწყვეტილებით, დღეიდან, სხვადასხვა ობიექტსა თუ დაწესებულებაში შესასვლელად საჭირო კოვიდის „მწვანე პასპორტები“ გაუქმდა.
საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვეტილება იმ ფონზე მიიღო, რაც ქვეყანაში დღეს კოვიდის რეკორდული მაჩვენებელი – 24 201 შემთხვევა გამოვლინდა.
საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ომიკრონის გავრცელების სწრაფი ტემპის მიუხედავად, ვირუსის სუსტი მიმდინარეობისა და მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით მიიღეს.
მისივე თქმით, ინფიცირების შემთხვევების მზარდი რაოდენობის მიუხედავად ვითარება სრულად მართვადია და „ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლა მნიშვნელოვნად არ იზრდება“. ღიბრაძემ ასევე აღნიშნა, რომ ინფიცირებულთა უმრავლესობა სახლის პირობებში მკურნალობს, მათი მონიტორინგისთვის საჭირო ოჯახის ექიმების რაოდენობა კი – „ბოლო დღეებში კიდევ უფრო გაიზარდა“.
გიორგი ღიბრაძის განცხადებით, მიუხედავად „მწვანე პასპორტების“ გაუქმებისა, აღრიცხვინობის სიტემა კვლავ მოქმედი რჩება და ის პირები, რომელთაც მწვანე პასპორტი საზღვარგაღეთ გასამგზავებლად ესაჭიროებათ ამ მექანიზმით სარგებლობას კვლავინდებურად შეძლებენ.
ინფიცირებისას, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად, ღიბრაძემ მოქალაქეებს აცრისკენ მოუწოდა და ხაზი გაუსვა, რომ 50+ წლის მოქალაქეები ვაქცინის პირველი, ასევე ბუსტერ დოზის მიღებისას, 200 და 100 ლარიან წამახალისებელ ვაუჩერებს კვლავაც მიიღებენ.
18 წელს მიღწეული მოქალაქეებისთვის კვების ობიექტებში, რესტორნებში, კინო-თეატრებსა და სხვა დაწესებულებებში კოვიდის „მწვანე პასპორტების“ სისტემის ამოქმედების გადაწყვეტილება ხელისუფლებამ გასული წლის 8 ნოემბერს მიიღო და ის ძალაში დეკემბრიდან შევიდა.
„მწვანე პასპორტი“ მიენიჭა ყველა იმ პირს, რომელიც კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით სრულად არის აცრილი, ან გადაიტანა ვირუსი. ამასთან, ხსენებულ დაწესებულებებში შესვლა მოქალაქეებს ასევე შეეძლოთ 72-საათიანი ვალიდურობის „პსრ“ ტესტის ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტის უარყოფითი პასუხით.
- კოვიდის შესახებ დეტალებისთვის მიჰყევით ბმულს.
ასევე წაიკითხეთ:
- საქართველოში დღეიდან „მწვანე პასპორტები“ ამოქმედდა
- მთავრობა დეკემბრიდან კოვიდის „მწვანე პასპორტებს“ შემოიღებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)