Site icon Civil.ge

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 10.5%-ზე დატოვა

ფოტო: მუფიდ მაჯნუნი/Unsplash.com

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2 თებერვალს გამართულ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად – 10.5%-ზე დატოვა.

კომიტეტმა მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნების გადაწყვეტილება გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების თავიდან ასაცილებლად, ასევე მიწოდების „მძლავრი შოკებისა“ და ინფლაციის არსებული მაღალი მაჩვენებლის გათვალისწინებით მიიღო.

ეროვნულმა ბანკმა ასევე აღნიშნა, რომ „იკვეთება რისკები, როგორც გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ასევე გლობალური ფინანსური პირობების მოსალოდნელზე სწრაფი გამკაცრების კუთხით“.

აღნიშნა რა, რომ დეკემბერში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 13.9%-მდე გაიზარდა, სებმა ხაზი გაუსვა, რომ მაღალ ინფლაციას სურსათის, ნავთობისა და ტრანსპორტირების საერთაშორისო მასშტაბით გაზრდილი ფასები განაპირობებს. „შესაბამისად, მაღალი ინფლაცია, მეტწილად, სწორედ იმპორტირებული საქონლიდან მომდინარეობს“, – განმარტა ბანკმა.

სებ-ის პროგნოზით, 2022 წლის გაზაფხულიდან ინფლაცია ეტაპობრივ კლებას დაიწყებს და წლის ბოლოსთვის მიზნობრივ მაჩვენებელს – 3%-ს დაუახლოვდება.

ეროვნული ბანკის თქით, 2021 წელს მშპ-ის 10.6%-იანი ზრდა პანდემიის შეზღუდვების პერიოდში გადავადებული მოთხოვნის რეალიზების, მაღალი საკრედიტო აქტივობის შენარჩუნებისა და ფისკალური სტიმულის შედეგია.

სები 2022 წელს 5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.

ეროვნულმა ბანკმა დადებით ტენდენციებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 2021 წლის დეკემბერში ექსპორტის წლიური მაჩვენებელი 29%-ით გაიზარდა. დეკემბერში წლიურად დაახლოებით 9-ჯერ გაიზარდა საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლებიც.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2022 წლის 30 მარტს ჩატარდება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)