Site icon Civil.ge

ვახტანგ გომელაური სომხეთს სტუმრობს

საქართველოს შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური ერევანში სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა, ფოტო: სომხეთის პრემიერის პრესსამსახური

საქართველოს შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური 2-4 თებერვალს სომხეთს სტუმრობს, სადაც იგი უკვე შეხვდა სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და პოლიციის უფროსს, ვაჰე ღაზარიანს.

საქართველოს შს სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, 2 თებერვალს პრემიერ ფაშინიანთან შეხვედრაზე მხარეებმა უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და საერთაშორისო დანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლის მიზნით ორი ქვეყნის სამართალდამცველი უწყებების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ვახტანგ გომელაურმა სომხეთის პრემიერს უთხრა, რომ არის ბევრი მიმართულება და პროგრამა, რომლის გარშემოც სომხეთსა და საქართველოს გამოცდილების გაზიარება შეუძლიათ.

პრემიერ ფაშინიანის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა სომხეთსა და საქართველოში მიმდინარე დარგობრივი რეფორმების, მათ შორის, სომხეთის საპატრულო სამსახურის რეფორმირების შესახებ მოსაზრებები გაცვალეს.

სომხეთის პრემიერმა „კანონის უზენაესობის დაცვის“ მიზნით, ორი ქვეყნის სამართალდამცველ სტრუქტურებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაც აღნიშნა.

საქართველოს შს სამინისტროს ინფორმაციით, ასევე 2 თებერვალს, სომხეთის პოლიციის უფროსთან, ვაჰე ღაზარიანთან შეხვედრაზე, მხარეებმა ორი ქვეყნის საპოლიციო ძალებს შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებისა და გაფართოების მზადყოფნა გამოხატეს.

თავის მხრივ, სომხეთის პოლიციის პრესმსამსახურის ცნობით, გომელაურმა და ღაზარიანმა საერთო ინტერესის მქონე საკითხები განიხილეს, მათ შორის, გაქცეულთა ძებნა, გამოვლენა და გადაცემა, ასევე ოპერატიული ინფორმაციის გაცვლა და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა.

ვახტანგ გომელაურთან ერთად სომხეთში ასევე იმყოფებიან მისი პირველი მოადგილე შალვა ბედოიძე, ასევე მისი მოადგილეები – იოსებ ჭელიძე და გიორგი ბუთხუზი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)