საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დაგმო „რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართ აგრესია“ და გამოხატა „სრული სოლიდარობა ჩვენი მეგობარი უკრაინის მიმართ და არა მხოლოდ უკრაინის მიმართ, რამეთუ ის საფრთხეები, რომლებიც რეალურად არსებობს ის საფრთხეებია, რომლებიც ევროპის უსაფრთხოებას ემუქრება“.
სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის მიმართ მკაცრი განცხადებები 3 თებერვალს, გვიან ღამით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პოლონელ კოლეგა ანჯეი დუდასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ეს უკანასკნელი პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისკენ მიმავალ გზაზე თბილისს ტრანზიტული ვიზიტით სტუმრობდა.
„ის აგრესიული ქმედებები და მუქარა, ეს იქნება კიბერშეტევები, უკრაინის საზღვარზე პირდაპირ სამხედრო ძალების უზომოდ გაზრდა, თუ სამხედრო ძალების გააქტიურება შავ ზღვაზე – ეს ყველაფერი ნიშანია იმისა, თუ რამდენადაა დღევანდელი რუსეთის პოლიტიკა პროვოკაციაზე გადასვლა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მანვე აღნიშნა, რომ რუსეთის ამგვარ პოლიტიკას მთელი ევროპული და დასავლური სამყარო მოლაპარაკებებითა და ვითარების მშვიდობიანი გზით გადაჭრის მცდელობებით პასუხობს, „მაგრამ დეესკალაციისთვის, ისევე როგორც მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის აუცილებელია, რომ ორივე მხარე მზად იყოს“.
„ამ ძალიან დაძაბულ ვითარებაში, საქართველოს სახელით, მინდა გამოვხატო სრული სოლიდარობა ჩვენი მეგობარი უკრაინის მიმართ და არა მხოლოდ უკრაინის მიმართ, რამეთუ ის საფრთხეები, რომლებიც რეალურად არსებობს ის საფრთხეებია, რომლებიც ევროპის უსაფრთხოებას ემუქრება და თუ ევროპის უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, ეს ჩვენი უსაფრთხოებაცაა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის მიმართ საქართველოს სოლიდარობა „მხოლოდ სიტყვიერი სოლიდარობა“ არ არის, რადგანაც ჩვენმა ქვეყანამ „უკვე განიცადა და დღემდე განიცდის ოკუპაციას და ამიტომ კარგად გვესმის თუ რას გრძნობს დღეს უკრაინელი ხალხი, რასაც ჩვენ მთლიანად ვიზიარებთ“.
სალომე ზურაბიშვილმა ევრო-ატლანტიკურ გზაზე საქართველოსა და უკრაინის მიმართ პოლონეთის მხარდაჭერაზეც გაამახვილა ყურადღება. მანვე ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს მადლობა გადაუხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებისას „არ ივიწყებენ“ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
„დღეს, ამ გლობალური გამოწვევების წინაშე, ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, თუ არა ის, რომ მოვნახოთ მშვიდობიანი გზები და ვისაც ეს არ ესმის, ვისაც აწუხებს ძველი იმპერიული ზრახვები, მას არ ესმის როგორია ოცდამეერთე საუკუნის მსოფლიო“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)