Site icon Civil.ge

პრემიერმინისტრმა ბიზნესომბუდსმენად ოთარ დანელია დანიშნა

პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესომბუდსმენად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების აწ უკვე ყოფილი პირველი მოადგილე, ოთარ დანელია დანიშნა, ფოტო: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 9 თებერვალს ბიზნესომბუდსმენად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების აწ უკვე ყოფილი პირველი მოადგილე, ოთარ დანელია დანიშნა.

მანამდე, 2020 წლიდან, რაც ყოფილმა ბიზნესომბუდსმენმა, მიხეილ დაუშვილმა პარლამენტში გადაინაცვლა, ამ მოვალეობას ბიზმესომბუდსმენის მოადგილე, ნინო კვეტენაძე ასრულებდა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერმა ახლადდანიშნულ ბიზნესომბუდსმენს ბიზნესთან ღია თანამშრომლობა, ნაკლები ბარიერების შექმნა, ბიუროკრატიის მინიმუმამდე დაყვანა და ბიზნესისთვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გამარტივება დაავალა.

ოთარ დანელია ეკონომიკის მინისტრის პირველ მოადგილედ 2021 წლის აგვისტოში დაინიშნა. მანამდე, იგი წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსი იყო, 2016-2020 წლებში კი – მე-9 მოწვევის პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ეკავა. უფრო ადრე, 2014 – 2016 წლებში დანელია სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე მსახურობდა.

ოთარ დანელია ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. ამასთან, იგი ევროპის მართვის სკოლისა და კემბრიჯის საერთაშორისო კოლეჯის მაგისტრის ხარისხებსაც ფლობს.

ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტი, რომელიც 2015 წლამდე საგადასახადო ომბუდსმენის სახელით იყო ცნობილი, 8 წლის წინ საქართველოს მთავრობის ინიციატივით შეიქმნა. ომბუდსმენს თანამდებობაზე საქართველოს პრემიერმინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარის თანხმობით, ნიშნავს.

ბიზნესომბუდსმენი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია. ის ზედამხედველობს და ხელს უწყობს ქვეყანაში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული უფ­ლებე­ბის დაცვას.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)