Site icon Civil.ge

სასამართლომ ლაშქარავასთვის „ჰეროინის“ მიყიდვის საქმეზე დაკავებულს 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლო. ფოტო: სასამართლოს Facebook გვერდი

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივლისს, ჟურნალისტებზე ჰომოფობიური ძალადობისას ნაცემი „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორის, ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავასთვის გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე, ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ მიყიდვის საქმეზე დაკავებულს 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

გენერალური პროკურატურის 11 თებერვლის განცხადებით, გამოძიებით დადასტურდა, რომ მსჯავრდებულმა, რომელიც 2021 წლის 17 ივლისს დააკავეს, 2 გრამი ქუჩის „ჰეროინი“ – ე.წ. „სირეცი“, რომელიც 0.9256 გრამ ჰეროინს შეიცავდა, 2021 წლის 10 ივლისს, ალექსანდრე ლაშქარავას და კიდევ 8 პირს 500 ლარად მიჰყიდა.

ამავე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მსჯავრდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ასევე ამოიღეს ნივთიერება, რომელიც 9,4984 გრამ „ჰეროინს“ შეიცავდა.

მსჯავრდებულის წინააღმდეგ გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ან მისი ანალოგის უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების მუხლით (260-ე, მე-5 და მე-6-ს „ა“) მიმდინარეობდა.


ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საბოლოო დასკვნით, რომელიც მედიაში 7 იანვარს, მას შემდეგ გავრცელდა, რაც ლექსო ლაშქარავა იუნესკომ მოკლულ ჟურნალისტა სიაში შეიყვანა, ლაშქარავას „სიკვდილის მიზეზია ნარკოტიკული საშუალება ჰეროინით ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა“.

ექსპერტიზის დასკვნას უნდობლობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახი. არასამთავრობო ორგანიზაცია, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) განცხადებით, რომელიც ლაშქარავას ოჯახის ინტერებს იცავს, დასკვნისადმი ოჯახის ნდობას ის ფაქტი ამცირებს, რომ საჯარო შეთავაზების მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ მოიწვია ოჯახის მიერ შერჩეული ქვეყნებიდან – დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან ან იაპონიიდან – საერთაშორისო ექსპერტები პროცესში ჩასართავად.


2021 წლის 5 ივლისს ლგბტ თემის მხარდამჭერი „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგო აქციის მიმდინარეობისას, ჟურნალისტებზე ჰომოფობიური თავდასხმისას, მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა. მათ შორის იყო „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელიც მასზე ძალადობიდან 6 დღეში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა 5 ივლისის ძალადობის საქმეზე ჯამში 31 პირი დააკავეს, მათგან ჟურნალისტებზე თავდასხმისთვის – 27. ამ დრომდე, სასამართლოს სასჯელი არცერთი მათგანისთვის მიუსჯია. ამასთან. სამართალდამცველ ორგანოებს არც 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები გამოუვლენია და ბრალიც ჯერ არავისთვის წაუყენებია.

5 ივლისს დაგეგმილ „ღირსების მარშამდე“ ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა და ონლაინტელევიზია ალტ-ინფოს წარმომადგენლებმა მხარდამჭერებს ლგბტ თემის მხარდამჭერი დემონსტრაციის წინააღმდეგ შეკრებისკენ მოუწოდეს. პარალელურად, რუსთაველის გამზირზე, ქაშუეთის ეკლესიაში წირვაზე მრევლი იხმო მართლმადიდებელმა ეკლესიამაც.

5 ივლისს ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა ულტრამემარჯვენე ჯგუფების წარმომადგენლებმა პარლამენტის წინ ოპოზიციის საპროტესტო კარვები ძალისმიერად დაშალეს.

ამის შემდეგ, „ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეებმა ადგილზე მოვლენების გასაშუქებლად მყოფი ჟურნალისტებზე ძალადობა დაიწყეს.

მოძალადე ჯგუფებმა „თბილისი პრაიდის“ ოფისზე იერიში სწორედ ამ დროს მიიტანეს, მათვე „ღირსების მარშის“ თანაორგანიზატორი ორგანიზაციის, „მოძრაობა სირცხვილიას“ ოფისში შეჭრაც სცადეს. „ტელეკომპანია პირველის“ ოპარატორს, ალექსანდრე ლაშქარავას სწორედ აქ სცემეს, რომელიც მასზე ძალადობიდან 6 დღეში გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ ძალადობის რისკების, ასევე სახელმწიფოს მხრიდან უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის გამო „თბილისი პრაიდმა“ მარში გააუქმა.

ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებდა, რომ რუსთაველის გამზირზე „ღირსების მარშის“ ჩატარება გონივრული არ იქნებოდა და რომ „თბილისი პრაიდის“ უკან „რადიკალური ოპოზიცია იდგა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)