Site icon Civil.ge

17 თებერვალი, 1922:  საიდუმლო ბინაში გარდაიცვალა  სილიბისტრო ჯიბლაძე

სილიბისტრო ჯიბლაძე. ფოტო ეროვნული არქივიდან.

ჟურნ. თავისუფალი საქართველო, 1922 წლის 15 მარტი, N18

სილიბისტროს უკანასკნელი წამი

(კერძო წერილიდან)

ამ პატარა ბარათით თქვენ და თქვენს მეგობრებს ვერ გატყობინებთ კარგ ამბავს. ჩვენ თავს დაგვატყდა კიდევ ახალი უბედურება, დიდი და საშინელი მწუხარება. ან კი რაღა დავსწერო და ან კი რაღა მოგწეროთ…

ჩვენ დღეს ობლათ შთენილნი სამგლოვიარო მწუხარებაში ვართ გახვეულნი. წუხელის ღამის 11 საათზე სამუდამოთ წუთ სოფელს გამოეთხოვა ჩვენი ძვირფასი, ჩვენი იმედი სილია…

მოკვდა ორი სამი ამხანაგის ხელზე…

მოკვდა ხანგრძლივი ტაჯვის შემდეგ თავის სადარაჯოზე… [ფარულ ბინაში]

ერთი წელი მან ტანჯვაში გაატარა… ზაფხული „ჩეკის და მეტეხის ბნელ სარდაფებში, შემოდგომა და ზამთარი დევნაში…

მოკვდა სილიბისტრო დევნაში, თრევაში, გაჭირვებაში…

რა საშინელი დღე გაგვითენდა დღეს!

17 ოქტომბერს [1921 წელს] ავათმყოფს დაატოვებინეს თავის ბინა და წუხელის დამწუხრებულმა ამხანაგებმა ღამით მალულათ მიასვენეს წამებული თავის სანატრელ ბინაზე. პატარა ვალიასთან. წუხელის დაიწყო ჩვენი პარტიის გლოვის ღამე… დღეს არავის არ სჯერა ეს საშინელი ამბავი…

ყველას ცოცხალი გონია სილიბისტრო…

სილიბისტრო ჯიბლაძე.. ჩვენ კი წილათ გვხდა საშინელი ისტორია…

თქვენ ცოცხალი დაგვიტოვეთ ბრძოლაში გაწვრთნილი ჩვენი თაობის მეთაური და ჩვენ კი მას ვეღარ დაგახვედრებთ და ვერც ჩვენ ვიხილავთ ჩვენს წრეში…

ის კიდევ დიდხანს იცოცხლებდა, მაგრამ ამ შავ-ბნელმა ჟამმა შეუმოკლა მებრძოლს სავლელნი დღენი…

ის მოკვდა იმ დროს, როცა ქვეყანა გლოვის ზარშია გახვეული…

ის მოკვდა შავ-ბნელ დროში და ვეღარ მოესწრო წამებული, განახლებული განთიადის ჟამს…

ძალიან ცუდი იყო მისი უკანასკნელი დღეები, წუთები; გიგონებდათ ყველას…

კიდევ ფიქრობდა ნარ-ეკლიან გზაზე ბრძოლას…

ჩვენ გვეგონა რომ ჯერ არ წაგვართმევდა მას უცნაური ცხოვრების კანონი, მაგრამ წუხელს მოულოდნელათ გათავდა.

თფილისი, 1922 წლის 18 თებერვალი.

N.

[საბჭოთა რეჟიმმა დაკრძალვის ცერემონიალისას მოსალოდნელი ფართომასშტაბიანი დემონსტრაციის ფონზე,  გარდაცვლილი სილიბისტრო ჯიბლაძის ნეშტი ოჯახს ღამით მოსტაცა და საიდუმლოდ დამარხა ვერის სასაფლაოზე. – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა].