ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი გააკრიტიკა, რომელმაც გუშინ სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის საპარლამენტო მანდატების გაუქმების, ასევე სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სააგენტოების ხელმძღვანელთა დანიშვნების შესახებ მმართველი პარტიის გადაწყვეტილება კრიტიკულად შეაფასა.
16 თებერვალს „პალიტრა ნიუსთან“ ინტერვიუში, კობახიძემ განაცხადა, რომ ელჩის არცერთი განცხადება „არ არის სამართლიანი და ობიექტური და სწორედ ამიტომ, არ არის ამ გაგებით საინტერესო ჩვენთვის“.
„ჩვენთვის საინტერესო იქნებოდა ნებისმიერი ობიექტური შეფასება, მათ შორის, კრიტიკული, მაგრამ სადაც არ არის სამართლიანობა და სადაც არ არის ობიექტურობა, იქ ბუნებრივია ჩვენ ნაკლებ ყურადღებას დავუთმობთ ასეთ განცხადებას“, – აღნიშნა კობახიძემ.
- ევროკავშირი სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სააგენტოების ხელმძღვანელების დანიშვნაზე
- ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილს, ელენე ხოშტარიასა და კახა კუჭავას დეპუტატის მანდატები შეუწყვიტეს
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ასევე გააკრიტიკა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც 15 თებერვალს განაცხადა, რომ არ ეთანხმება ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების გაუქმების გადაწყვეტილებას.
„სალომე ზურაბიშვილი არ არის პარლამენტი“, – განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ ქართული ოცნების გადაწყვეტილებების შეფასება ყველას შეუძლია, თუმცა „გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელი არის პარლამენტი“.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციის ბოიკოტზე საუბრისას, კობახიძემ განაცხადა, რომ ვერც საქართველოს პრეზიდენტმა და ვერც ევროკავშირის ელჩმა „ვერ უზრუნველყვეს საბოტაჟის შეწყვეტა პარლამენტის წინააღმდეგ“.
„რაღაცა მოწოდებები იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი უნდა შესულიყვნენ პარლამენტში, მაგრამ თქვენ გახსოვთ, რომ მაინცდამაინც მკაცრი განცხადებები არშესვლასთან დაკავშირებით არ გვესმოდა და ამის შედეგია, საბოლოო ჯამში, ის ყველაფერი, რაც მოხდა“, – აღნიშნა მან.
საგულისხმოა, რომ სწორედ ელჩმა ჰარცელმა და აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა შეუწყვეს ხელი ხანგრძლივ მოლაპარაკებებს ქართულ ოცნებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის 2020 წლის კრიზისის დასაძლევად. მოგვიანებით, პროცესი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით წარიმართა. 2021 წლის 28 ივლისს, მმართველმა პარტიამ 19 აპრილს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება ცალმხრივად დატოვა.
კობახიძის გუშინდელი განცხადება ერთ-ერთი ბოლოა, იმ კრიტიკულ განცხადებებს შორის, რომლებიც მმართველმა პარტიამ და ევროპელმა დიპლომატებმა ერთმანეთის მისამართით გააკეთეს რიგ საკითხებზე, მათ შორის, უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშვნების, ევროკავშირის სესხზე უარისა და დასავლელ დიპლომატებზე სავარაუდო თვალთვალის გამო ქართულ ოცნებასა და ბრიუსელს შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობების ფონზე.
2021 წლის დეკემბრის ბოლოს, ქართულმა ოცნებამ დაჩქარებული წესით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გააუქმა და სანაცვლოდ ორი ახალი სტრუქტურა – სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სააგენტოები ჩამოაყალიბა.
იმავდროულად, მმართველმა პარტიამ 15 თებერვალს ლელოს ერთ-ერთ ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს სადეპუტატო მანდატი შეუწყვიტა მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 იანვარს „თიბისი ბანკის“ სადავო საქმეზე იგი თაღლითობაში ცნო დამნაშავედ. ქართულმა ოცნებამ სესიების არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო სადეპუტატო უფლებამოსილება ლეიბორისტული პარტიისა თავმჯდომარეს, შალვა ნათელაშვილსა და დროას დამფუძნებელს, ელენე ხოშტარიასაც შეუწყვიტა.
ასევე წაიკითხეთ:
- ირაკლი კობახიძე და კელი დეგნანი ერთმანეთს კვალიფიკაციის გამო დაუპირისპირდნენ
- ქართული ოცნების ლიდერები ევროკავშირის ელჩს აკრიტიკებენ
- „ქართული ოცნების“ თავ-რე: ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებს „სწორი კონსულტანტები“ სჭირდებათ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)