Site icon Civil.ge

ჯუანშერ ბურჭულაძე ბრიუსელში ვიზიტს განაგრძობს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე და ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი, ფოტო: mod.gov.ge

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე ბრიუსელში 16-17 თებერვლის ვიზიტის ფარგლებში, ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგსა და ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, ადმირალ რობ ბაუერს შეხვდა.

თავდაცვის სამინისტროს 17 თებერვლის განცხადებით, სტოლტენბერგთან შეხვედრაზე ბურჭულაძემ უსაფრთხოების კუთხით საერთო გამოწვევები და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები განიხილა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა რეგიონში ნატოს გაძლიერებული ჩართულობის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

მხარეებმა ნატო-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებაზე, ასევე 2022 წლის მოახლოებულ ერთობლივ სამხედრო სწავლებებზეც იმსჯელეს.

დღესვე, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ალიანსის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე ადმირალ რობ ბაუერთან შეხვედრაზე ჯუანშერ ბურჭულაძე მიესალმა ნატოს მტკიცე პოზიციას ალიანსის ღია კარის პოლიტიკასთან დაკავშირებით.

„ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენს სტრატეგიულ გეგმებზე, ჩვენს მომავალზე და, რა თქმა უნდა, ყველა პრინციპულ საკითხში, ჩვენ ვართ ერთიანები“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა და დასძინა – „არ დაიხევს უკან, როგორც ნატო თავისი მიზნების და თავისი გადაწყვეტილებების შესახებ, ასევე ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა, რომ ჩვენ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი“.

ჯუანშერ ბურჭულაძემ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში, დღეს საქართველოსა და უკრაინის თავდაცვის მინისტრებთან გამართულ სხდომაშიც მიიღო მონაწილეობა.

მინისტერიალი უკრაინის გარშემო რუსეთის სამხედრო ძალების მობილიზებისა და საქართველოსა და უკრაინის ნატოში არმიღების შესახებ კრემლის მოთხოვნის ფონზე იმართება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)