ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა 17 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ალიანსის თავდაცვის მინისტრებმა ქართველ და უკრაინელ კოლეგებთან დღეს გამართულ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ნატოს კარი ღია რჩება.
გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ მოკავშირე სახელმწიფოების წარმომადგენლებმა ჯუანშერ ბურჭულაძესთან და ოლექსი რეზნიკოვთან შეხვედრაზე რუსული აგრესიის საფრთხეებზე, ასევე შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით გაუარესებულ სიტუაციასა და ორივე ქვეყნის მიმართ ნატოს მხარდაჭერაზე ისაუბრეს.
ნატოს არგაფართოების შესახებ მოსკოვის მოთხოვნაზე საუბრისას, გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ „ვერ დავუშვებთ გავლენის სფეროების ხანაში დაბრუნებას, სადაც დიდი სახელმწიფოები სხვებს აშინებენ და კარნახობენ როგორ იმოქმედონ“.
„ნატოში გაწევრიანების ნებისმიერი გადაწყვეტილება მხოლოდ ნატოს მოკავშირეებისა და ასპირანტი ქვეყნების მისაღებია და არა სხვების“, – განაცხადა სტოლტენბერგმა და ხაზი გაუსვა, რომ თითოეული ქვეყნის უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი გზა, უმნიშვნელოვანესია ევროპული და ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისთვის და მისი პატივისცემაა საჭირო.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ნატო რუსეთთან დიალოგისთვის მზადაა და რომ საქართველოსა და უკრაინის შესახებ გადაწყვეტილებები ამ ორი ქვეყნის ჩართულების გარეშე არ მიიღება.
სტოლტენბერგმა ასევე განაცხადა, რომ ნატოს მოკავშირეებმა ორი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატეს.
დღევანდელი სხდომის შემდეგ, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, კრისტინ ლამბრეხტმა განაცხადა, რომ ქართველ და უკრაინელ კოლეგებთან მოსაზრებების გაცვლა მნიშვნელოვანი იყო, რადგანაც ორი ქვეყანა ნატოს ღირებულებებს იზიარებს.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოსა და უკრაინას „საფრთხეს უქმნის რუსეთის ქმედებები და ამ საფრთხეს, შეიარაღებული ძალების მობილიზაციას დიდი შეშფოთებით ვუყურებთ“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)