Site icon Civil.ge

ე.წ. „ქოლ ცენტრების“ საქმეზე პროკურატურამ კიდევ 5 პირი დააკავა

ფოტო: pog.gov.ge

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 18 თებერვალს განაცხადა, ე.წ. „ქოლ ცენტრების“ საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში თაღლითობისა და დიდი ოდენობით თანხის ლეგალიზებისთვის „ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის“ კიდევ ხუთი წევრი დააკავეს.

პროკურატურის განცხადებით, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა საქართველოში დაფუძნებული საწარმოების ბაზაზე ე.წ. „ქოლ ცენტრი“ მოაწყვეს, რომლის თანამშრომლებიც გერმანიისა და სხვა ევროპული ქვეყნების მოქალაქეებს გამოგონილი სახელებით უკავშირდებოდნენ, მათი კომპანიის შესახებ ყალბ ინფორმაციას აწვდიდნენ და ფასიანი ქაღალდების, აქციების, სასაქონლო აქტივების, ვალუტების და კრიპტოვალუტების ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას სთავაზობდნენ.

ამასთან, ოპერატორები მომხმარებლებს არწმუნებდნენ, რომ ფასების ზრდა-შემცირებაზე ელექტრონული ვაჭრობის შემთხვევაში, მათი დახმარებით სოლიდური მოგების მიღებას შეძლებდნენ. მომხმარებლებისგან თანხმობის მიღების შემთხვევაში, მათგან ელექტრონული ვაჭრობისთვის გამოყოფილ თანხებს დანაშაულებრივი ჯგუფის საბანკო ანგარიშებზე ათავსებდნენ, რომლის დიდი ნაწილიც „ფიქტიური დანიშნულებით, ირიცხებოდა საქართველოში, მათივე კომპანიების ანგარიშებზე“.

„აღნიშნული სქემით განხორციელდა თაღლითურად დაუფლებული ათეულობით მილიონი ლარის ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია“, – განაცხადეს პროკურატურაში.

დაკავებულების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თაღლითობას და უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას გულისხმობს და 9-12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პროკურატურა ხუთივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პროკურატურას სისხლის სამართლებრივ დევნა ჯამში 17 პირის მიმართ აქვს დაწყებული, 1 პირის მიმართ კი – საექსტრადაციო პროცედურები მიმდინარეობს. სამართალდამცველებმა 7 პირი გასული წლის 21 ოქტომბერს დააკავეს, 6 კი – მიმდინარე წლის 3 თებერვალს.

პროკურატურამ განცხადებაში დანაშაულის გამოძიებასა და მის წინაღმდეგ ბრძოლაში სხვა ქვეყნების სამართალდამცველი ორგანოების, მათ შორის, გერმანიისა და ისრაელის საგამოძიებო უწყებების ჩართულობა და მათთან ეფექტიანი თანამშრომლობაც აღნიშნა.

მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ურთიერთბრალდებები

„ქოლ-ცენტრების“ საქმეზე დაკავებებს წინ უძღვოდა დანაშაულებრივი ჯგუფის მფარველობაზე ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ურთიერთბრალდებები.

14 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, ლევან ხაბეიშვილმა „ქოლ ცენტრების“ მფარველობაში პარტია ქართული ოცნება, მისი დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, გრიგოლ ლილუაშვილი და ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და თქვა, რომ ისინი ამ გზით წელიწადში დაახლოებით მილიარდამდე ლარის „შავ ფულს გამოიმუშავებდნენ“.

„ამასობაში ამ თანხებს, რა თქმა უნდა, წინასაარჩევნოდ იყენებდნენ, ზონდერებისა და პროვოკატორების მოსასყიდად, საარჩევნო უბნებზე“, – დასძინა მანვე.

იმავე დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე „ქოლ ცენტრების“ მფარველობაში ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები დაადანაშაულა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა. მანვე ხაზი გაუსვა, რომ ამ საქმიანობაში სწორედ ისინი იყვნენ ჩართულნი და მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ მათი დანაშაული გამოავლინა, „მთავრობის წევრებზე გადაბრალება“ დაიწყეს.

მანვე საკითხის მოკვლევის მიზნით, ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილი სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნა დაავალა. „საჭირო არის, რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ დარეგულირდეს და შეწყდეს ეს სპეკულაციები, რომელმაც მართლაც კამპანიური ხასიათი მიიღო“, – განაცხადა პრემიერმა.

„ქოლ ცენტრების“ მფარველობაში ნაციონალურ მოძრაობასთან და მის ტელევიზიებთან დაკავშირებული „კონკრეტული პირი“ დაადანაშაულა ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემაც. კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ეჭვმიტანილის ვინაობა არ დაასახელა, თუმცა თქვა, რომ მისი გვარი „კ“-ზე იწყება.

ჯერ კიდევ გასულ წელს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ქოლ ცენტრების“ საქმიანობის უკან, ნაციონალური მოძრაობისდროინდელი თავდაცვის მინისტრი და ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთი მეწილე, „მძარცველი“ დავით კეზერაშვილი იდგა.

საგულისხმოა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა ენმ-ის დეპუტატს, ლევან ხაბეიშვილს და ტელეკომპანიებს – „მთავარ არხსა“ და „ფორმულას“ 10 თებერვალს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)