საქართველოს ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში 19-20 თებერვალს კოლეგებსა და სხვა უცხოელ ოფიციალურ პირებს შეხვდა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის შესახებ საპანელო დისკუსიაშიც მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 20 თებერვალს, დავით ზალკალიანი უკრაინელ კოლეგას, დმიტრო კულებას შეხვდა და უკრაინის გარშემო რუსეთის სამხედრო მობილიზების ფონზე, კიევის მიმართ სოლიდარობა გამოხატა.
შეხვედრაზე მხარეებმა იმ „მძიმე გამოცდილებას“ გაუსვეს ხაზი, რაც უკრაინას და საქართველოს გააჩნია შეიარაღებული კონფრონტაციის და რუსეთის მხრიდან ტერიტორიების ოკუპაციის სახით. მათვე უკრაინისთვის ამ „ურთულეს“ პერიოდში, დეესკალაციისა და ინტერვენციის თავიდან აცილების მიზნით საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან არსებული მხარდაჭერისა და კონსოლიდაციის მნიშვნელობაზეც გაამახვილეს ყურადღება.
უკრაინის საგარეო უწყების განცხადებით, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასოცირებული ტრიოსა და სუამ-ის დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის ფორმატებში საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზეც იმსჯელეს.
ამავე ინფორმაციით, სხვა საკითხებთან ერთად, მხარეებმა ასევე განიხილეს უკრაინასა და საქართველოს შორის მოახლოებული პოლიტიკური კონსულტაციები და ასევე პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებებისა და ინტერესების დაცვა. სააკაშვილი ამჟამად უკრაინის მოქალაქეა.
- „ერთობის დღეს“ უკრაინამ საქართველოს მხარდაჭერა მიიღო
- კიევი მიესალმება უკრაინის შესახებ საქართველოს პარლამენტის რეზოლუციას
უკრაინის გარშემო განვითარებული მოვლენები განიხილა დავით ზალკალიანმა 19 თებერვალს ეუთოს გენერალურ მდივანთან, ჰელგა შმიდთან შეხვედრაზე, სადაც მხარეებმა ეუთოს ტერიტორიაზე უსაფრთხოების კუთხით გართულებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე იმსჯელეს.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა უკრაინის გარშემო არსებული კრიზისის კონტექსტში, ვითარების დეესკალაციისთვის საერთაშორისო ძალისხმევის გააქტიურების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.
შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული მდგომარეობაც მიმოიხილეს და საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან „გახშირებულ“ პროვოკაციებს გაუსვეს ხაზი, რაც „საფრთხეს უქმნის ადგილობრივი მცხოვრებლების ყოველდღიურ ყოფას და გრძელვადიან უსაფრთხოებას“.
19 თებერვალს, დავით ზალკალიანი სლოვენიელ კოლეგას, ანჟე ლოგარს შეხვდა და მასთან სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები, ასევე რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და უკრაინის კრიზისი განიხილა.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ოკუპირებულ რეგიონებზე საუბრისას, მინისტრმა ზალკალიანმა საოკუპაციო რეჟიმის პროვოკაციულ ქმედებებსა და შექმნილ რთულ უსაფრთხოების მდგომარეობაზე საერთაშორისო თანამეგობრობის რეაგირების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში „მძიმე“ უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ იმსჯელა დავით ზალკალიანმა 19 თებერვალს წმინდა საყდრის საგარეო ურთიერთობათა მდივანთან, პოლ რიჩარდ გალაჰერთან შეხვედრაზეც.
ასევე 19 თებერვალს სომეხ კოლეგასთან, არარატ მირზოიანთან, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრთან, პავრიზ შაჰბაზოვთან, ეუთოს გენერალურ მდივანთან, ჰელგა შმიდთან და მსოფლიო ბანკის ბრეზიდენტთან, დევიდ მალპასსთან ერთად დავით ზალკალიანმა სამხრეთ კავკასიის რეგიონის შესახებ საპანელო დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, სამხრეთ კავკასიის რეგიონზე საუბრისას დავით ზალკალიანმა რეგიონის სატრანზიტო და ენერგო პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის ევროკავშირთან დაკავშირებულობის კუთხით. მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანი ერთობლივი მჭიდრო თანამშრომლობა ევროკავშირთან, შექმნის კარგ საფუძველს იმისთვის, რომ რეგიონის პოტენციალი იქნას მაქსიმალურად წარმოჩენილი.
18-20 თებერვლის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დავით ზალკალიანთან ერთად ასევე ესწრებოდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე. დელეგაციას პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა.
უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, ქვეყნის ოფიციალურმა პირებმა მათ კოლეგებთან და ბიზნესლიდერებთან რიგი შეხვედრები გამართეს.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)