თბილისის მხრიდან შესაძლო „პროვოკაციების“ თავიდან აცილების მიზნით, ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერმა, ასლან ბჟანიამ 21 თებერვალს „უშიშროების სამსახურის“, შეიარაღებული ძალებისა და „შინაგან საქმეთა სამინისტროს“ სპეციალური ქვედანაყოფების გაძლიერებულ საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის განკარგულება გასცა.
ბჟანიას გადაწყვეტილებას წინ უძღვის უკრაინაში და მისი საზღვრების გასწვრივ რუსეთის ძალების უპრეცედენტო მობილიზაცია.
აფხაზეთის ლიდერმა „დაძაბულობის მკვეთრ ესკალაციაში“ უკრაინა დაადანაშაულა. მისი თქმით, კიევი უარს აცხადებს, რომ კონფლიქტი მოლაპარაკებების ფორმატში მოგვარდეს.
ბჟანიას თქმით, აფხაზეთის ხელმძღვანელობას მუდმივი კავშირი აქვს დონეცკისა და ლუგანსკის ლიდერებთან და „საჭიროების შემთხვევაში“, მათ სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას აღმოუჩენს.
აფხაზეთის ლიდერმა დღესვე „საგანგებო სიტუაციების მინისტრს“, ლევ კვიწინიას უკრაინის რუსეთისაგან ოკუპირებული რეგიონებიდან ევაკუირებულთა მისაღებად მომზადება დაავალა.
აფხაზეთის სამხედრო პოტენციალის შესახებ მწირი ცნობები მოიპოვება. რუსული მედიის ინფორმაციით, სოხუმს დაახლოებით 2 100 – 2 200 მოქმედი სამხედრო მოსამსახურე ჰყავს.
აღსანიშნავია, რომ 2015 წელს გაფორმებული სამხედრო შეთანხმების ფარგლებში, მოსკოვმა და სოხუმმა გაერთიანებული შეიარაღებული ძალების დაჯგუფება შექმნეს, რომელსაც ოკუპირებულ რეგიონში განთავსებული რუსული სამხედრო ბაზა ხელმძღვანელობს.
საბრძოლო მზადყოფნის შესახებ ბჟანიას განკარგულებამდე რამდენიმე დღით ადრე, შეიარაღების და „თავდაცვის სამინისტროს“ პერსონალის საბრძოლო მზადყოფნის შემოწმების ბრძანება ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმაც გასცა. ცხინვალის რეგიონში აპრილში „საპრეზიდენტო არჩევნებია“ დაგეგმილი.
ასევე წაიკითხეთ:
- თბილისის „პროვოკაციების“ საბაბით ცხინვალი საბრძოლო მზადყოფნას ამოწმებს
- „ერთობის დღეს“ უკრაინამ საქართველოს მხარდაჭერა მიიღო
- რუსეთმა ოკუპირებულ ცხინვალში სამხედრო წვრთნები ჩაატარა
ცნობისთვის, სტატია განახლდა 22 თებერვალს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)