საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კიევს და უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადა.
„ჩვენ, ალბათ, ბევრზე უკეთ გვესმის, რას ნიშნავს ეს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილმა ამის შესახებ 22 თებერვალს, საღამოს, თბილისში მოქმედ საერთაშორისო მედიასაშუალებებთან ნახევარსაათიან ინტერვიუში ისაუბრა, რომელიც ძირითადად უკრაინაში და მის გარშემო დაძაბულობის ესკალაციას შეეხო.
„ჩვენ არ უნდა დაგვივიწყონ“
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მიმდინარე კრიზისის ფონზე, „ყველა საქართველოს მაგალითს იხსენებს. მართალია, ის ოდნავ განსხვავდებოდა, ეს იყო სცენარი, რომელსაც რუსეთი განმეორებით იყენებს“.
მისი თქმით, „მართალია, ამჟამინდელი კრიზისი ცალსახად უკრაინას ეხება… [თუმცა] როდესაც საქმე მომავალზე ფიქრს და კრიზისიდან გამოსავალს ეხება, ნათელია, რომ საქართველო ყველას უნდა ახსოვდეს“.
„ჩვენ გვაქვს ისტორიული კავშირები, ჩვენ ძალიან მსგავსი საკითხები, პრობლემები და მომავალი გვაქვს და საჭიროა, რომ ისევ ძალიან ახლოს დავრჩეთ ერთმანეთთან“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
ზურაბიშვილმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობისა და ნატოსკენ სწრაფვის თვალსაზრისით ერთმანეთთან კავშირში არიან.
ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ „უსაფრთხოების გარანტიებზე“ დასავლეთსა და რუსეთს შორის ცოტა ხნის წინ გამართული მოლაპარაკებების ფონზე, მან მხარი დაუჭირა იმას, რომ „არაფერი წყდება საქართველოს შესახებ საქართველოს სრულად ინფორმირების გარეშე“.
„იმ პრეტენზიებში, რომლებიც რუსეთმა მოლაპარაკებების ფაზაზე წარადგინა, შესაძლოა, იყოს ისეთი რამ, რაც საქართველოს უკავშირდება, რადგანაც ჩვენ დაკავშირებულნი ვართ უკრაინასთან“, – აღნიშნა მან.
საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას კონტაქტი ჰქონდა პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჯეი დუდასთან და საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან, რა დროსაც, ცალსახად განაცხადა, რომ „ჩვენ არ უნდა დაგვივიწყონ“.
დასავლეთის სანქციებისა და საქართველოს პოზიციის შესახებ
ზურაბიშვილი მიესალმა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების აღიარების გამო დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს.
„სანქციები არის პასუხი, როდესაც შენ ხარ დემოკრატიული ქვეყანა და ომს ომითვე არ პასუხობ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, თუ 2008 წელი საქართველოში და 2014 წელი უკრაინაში გაკვეთილი უნდა გახდეს, „ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა არ გამოიყენეს ყველა ის შესაძლებლობა, რაც იმ დროს ჰქონდათ“.
„და რუსეთს არ მოუწია იმ საფასურის გადახდა, რომ ის მსგავსი ქმედების გამეორებისგან შეეკავებინათ“.
კითხვაზე შეუერთდება თუ არა საქართველო იმ ქვეყნების რიცხვს, რომელთაც რუსეთს სანქციები დააკისრეს, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა – „მთავრობის ნაცვლად ვერ გიპასუხებთ და ეს საკითხი, რა თქმა უნდა, მთავრობის გადასაწყვეტია“.
ხაზი გაუსვა რა, რომ „ჩვენ უნდა გავანაწილოთ სოლიდარობა“, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც უკვე იხდის თავის წილს, ჩვენ გვაქვს ორი ოკუპირებული რეგიონი და გვაქვს პასუხისმგებლობა ამ სიტუაციისა და ჩვენი მოქალაქეების მიმართ, რომლებიც საოკუპაციო ხაზზე ცხოვრობენ“.
„და ისიც ვიცით, რისი გაკეთება შეუძლია რუსეთს“, – დასძინა მან.
„ჩვენ უნდა ვიპოვოთ ბალანსი, რათა სოლიდარულები ვიყოთ პარტნიორებთან და ასევე პასუხისმგებლობა ავიღოთ ჩვენს საკუთარ უსაფრთხოებასა და მოსახლეობაზე“.
ხელისუფლების მიდგომა რუსეთ-უკრაინის კრიზისის მიმართ
ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „არ შემიძლია არ დავეთანხმო პრაგმატულ მიდგომას“, როდესაც საქმე უკრაინის გარშემო არსებულ კრიზისს ეხება.
„ჩვენ გვაქვს ორი ოკუპირებული ტერიტორია, ჩვენ გვყავს მოსახლეობა, რომელიც იტანჯება, ჩვენ გვყავს ჩვენი მოქალაქეები აფხაზეთსა და ცხინვალში, რომელთაც არ აქვთ წვდომა ქართულ ენაზე, ჩვენს მოქალაქეებს არ აქვთ წვდომა აფხაზურ ენაზე, რუსიფიკაციის პოლიტიკა ძალიან აქტიურად ხორციელდება“, – განმარტა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, „ორივე ტერიტორიაზე უზარმაზარი სამხედრო ბაზებია განთავსებული და რუსეთმა უკვე დაიწყო გარკვეული ნაბიჯების გადადგმა ანექსიის მიმართულებით“.
„ამიტომ, მიმაჩნია, რომ ხელისუფლება უნდა იყოს პასუხისმგებლიანი. არა მგონია, რომ საჭიროა არ ვილაპარაკოთ საკუთარ პრინციპებზე. ეს არის ბალანსი და არცთუ მარტივი ბალანსი“.
2008 წლის დეჟავიუ
კითხვაზე, რას გრძნობს როგორც საქართველოს პრეზიდენტი, როდესაც „ანალოგური სცენარი უკრაინაში ხორციელდება“, ზურაბიშვილმა უპასუხა – „დეჟავიუ“.
„სცენარში განსხვავებაც რომ იყოს… შესაძლოა, 2008 წლის რუსეთი არ იყო ისეთივე, როგორიც 2022 წლის რუსეთი“.
მისი თქმით, ამჯერად, უკრაინაში „რუსეთი პირდაპირ ანექსიის მიმართულებით მიდის, ომის საბაბის გარეშეც, რაც ნიშნავს, რომ ერთი საფეხურით მაღლა ვართ“.
„პრეზიდენტ პუტინის გუშინდელი სატელევიზიო განცხადებები ისაა, რაც ყველას უნდა გვაშფოთებდეს“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
„მთელმა ევროპამ და აქ სრულად ვეთანხმები პრეზიდენტ ზელენსკის, უნდა გააცნობიეროს, რომ სასწორზე მხოლოდ საქართველო და უკრაინა არ დევს, არამედ სასწორზე ევროპის მომავალი და უსაფრთხოებაა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
„ჩვენ ყველანი ერთ ნავში ვსხედვართ“, – დასძინა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)