Site icon Civil.ge

ევროკავშირის წამყვანი დიპლომატი უკრაინაში რუსეთის შეჭრის თაობაზე

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეპ ბორელი

ქართულ ენაზე გთავაზობთ ევროკავშირის დიპლომატიის შეფის, ჟუზებ ბორელის განცხადებას რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შესახებ:

„ევროკავშირი მთელი სიმტკიცით გმობს რუსეთის ფედერაციის ძალების არაპროვოცირებულ შეჭრას უკრაინაში. ჩვენ ასევე ვგმობთ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში ბელარუსის მონაწილეობას და მოვუწოდებთ მას, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები.

პრეზიდენტ პუტინისაგან მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო ოპერაციები და უპირობოდ გაიყვანოს მთელი თავისი ძალები და სამხედრო აღჭურვილობა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან. რუსეთს აგრესიის ამ აქტზე, ისევე როგორც, იმ ნგრევასა და მსხვერპლზე, რომელსაც ის მოიტანს, სრული პასუხისმგებლობა ეკისრება. ის პასუხს აგებს თავისი საქციელისთვის.

რუსეთის სამხედრო შეტევა დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოზე — უკრაინაზე — საერთაშორისო სამართლის დაუფარავი დარღვევაა და ეწინააღმდეგება წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტურ პრინციპებს.

ევროკავშირი, ატლანტიკის გაღმელ და სხვა თანამოაზრე სახელმწიფოებთან ერთად ატარებდა რუსეთის მიერ გამოწვეული კრიზისის დიპლომატიური გადაწყვეტის ძიების უპრეცედენტო ღონისძიებებს. რუსეთმა არ უპასუხა ჩვენს ძალისხმევას და პირიქით, ცალმხრივად აირჩია მძიმე და წინასწარგანზრახული ესკალაციის გზა.

ევროკავშირმა თავიდანვე, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე ნათლად განაცადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ დამატებით აგრესიას რუსეთისთვის მასშტაბური შედეგები მოყვება და რომ მას სასტიკი საფასურის გადახდა მოუწევს.

ევროკავშირის რეაქცია მოიცავს როგორც სექტორულ, ისევე ინდივიდუალურ შემზღუდველ ღონისძიებებს, რომლებიც სრულად იქნება შეთანხმებული ტრანსატლანტიკურ პარტნიორებთან და სხვა თანამოაზრე პარტნიორებთან.

რუსეთს ეჭვიც არ უნდა ეპარებოდეს, რომ ევროკავშირი შეინარჩუნებს მტკიცე ერთსულოვნებას და შემდგომ ნაბიჯებს პარტნიორებთან მჭირდო კოორდინაციით გადადგამს.

ევროკავშირი მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, რუსეთისგან ამ აგრესიის დაუყოვენებლივი შეწყვეტა მოითხოვონ, რომელიც საფრთხის წინაშე აყენებს საერთაშორისო წესრიგსა და უსაფრთხოებას მსოფლიო მასშტაბით.

ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, სრულად სცეს პატივი საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს, შესაძლებელი გახადოს უსაფრთხო და დაუბრკოლებელი ჰუმანიტარული წვდომა ყველა იმ ადამიანისათვის, ვისაც ეს შეიძლება დასჭირდეს. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, უზრუნველყოს ეუთოს საგანგებო სადამკვირვებლო მისიის უსაფრთხოება.

ევროკავშირი კვლავაც ადასტურებს უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ მხარდაჭერასა და მისდამი ერთგულებას. ევროკავშირი ასევე ადასტურებს უკრაინის ევროკავშირთან უკრაინის მჭიდრო პოლიტიკური ასოცირებისა და პოლიტიკური ინტეგრაციისადმი ერთგულებას. ჩვენ უკრაინელი ხალხისა და მათი დემოკრატიულად არჩეული ინსტიტუტებისა და წარმომადგენლების გვერდში ვდგავართ.

ჩვენ ასევე ვადასტურებთ მოლდოვისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევს ერთგულებასა და მხარდაჭერას“.