Site icon Civil.ge

საქართველოს მოქალაქეები უკრაინელებს სხვადასხვა სახის დახმარებას სთავაზობენ

საქართველოსა და უკრაინის დროშები, ფოტო: Twitter/tsiskarashvili

რუსეთის მიერ უკრაინის ფართომასშტაბიანი ინტერვენციის ფონზე, ასობით საქართველოს მოქალაქე, ასევე მომსახურებისა და მასპინძლობის ინდუსტრიის წარმომადგენლები უკრაინელებს უფასო საცხოვრისსა და სხვა სახის დახმარებას სთავაზობენ.

Facebook-ზე ამ მიზნით შექმნილ ჯგუფში – „Glory to Ukraine🇺🇦🇬🇪Support From Georgia“ – ში დაახლოებით 5 საათში 8 000-ზე მეტი ადამიანი გაწევრიანდა.

„ვუმასპინძლებ 2 ადამიანს თბილისში… 10 ადამიანს ზესტაფონში…“, – დაწერა ჯგუფში Facebook-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა, თორნიკე თუთარაშვილმა.

უკრაინის მოქალაქეებს საკუთარ სასტუმროში უფასოდ დარჩენასა და კვებით მომსახურებას სთავაზობს მასპინძლობის ბიზნესის არაერთი წარმომადგენელი.

უკრაინელ ტურისტებს ავტომობილით უფასო მომსახურება შესთავაზა კიდევ ერთმა მომხარებელმა, არჩილ ჩიღლაძემ.

ამასთან, მომხმარებლებმა უკრაინის მოქალაქეებისთვის სხვადასხვა საჭირო ნივთების შესაძენად თანხის შეგროვებაც დაიწყეს.

ყველა იმ ადამიანს და კომპანიას, რომელთაც უკრაინელებისთვის რაიმე ფორმით დახმარება შეუძლიათ, საკუთარი პლატფორმა დაუთმო ჯგუფმა – „Spend 4 Seasons in Georgia“, რომელიც Facebook-ზე 2019 წელს, თბილისში ანტისაოკუპაციო აქციების ფონზე, რუსეთის მიერ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების შეწყვეტის შემდეგ სოლიდარობის ნიშნად შეიქმნა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)