Site icon Civil.ge

ქართული ოცნება უკრაინის შესახებ საგანგებო სესიის ჩატარებაზე უარს ამბობს

უკრაინის მხარდამჭერი აქცია თბილისში, 24 თებერვალი, 2022, ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

ქართული ოცნება უარს ამბობს უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის შესახებ საგანგებო საპარლამენტო სესიის ჩატარებაზე. რიგგარეშე სხდომის ჩატარების შესახებ ოპოზიციის მოთხოვნას საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ხელი გუშინ მოაწერა.

„[რიგგარეშე] სხდომის გამართვის საჭიროება ამ ეტაპზე ობიექტურადაც არ არსებობს“, – განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა გივი მიქანაძემ.

„პირდაპირ გვინდა განვაცხადოთ, რომ უკრაინის მიმართ რუსეთის ღია სამხედრო აგრესიის საკითხზე იმ ხალხის მიერ შემოთავაზებულ შოუში, რომლებმაც 2008 წლის აგვისტოს ომიდან ორ თვეში საკუთარი ქვეყანა და სამხედრო ძალები ომის დაწყებაში და ცხინვალის კასეტური ბომბებით დაბომბვაში დაადანაშაულეს, მონაწილეობას არ ვაპირებთ“, – თქვა დეპუტატმა.

დეპუტატმა ევროპის საბჭოს 2008 წლის ოქტომბრის რეზოლუციაც გაიხსენა.

რეზოლუციაში, რომელსაც მაშინდელი მმართველი პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი, ნათქვამია: „2008 წლის 7 აგვისტოს ქართველი სამხედროების მიერ ცხინვალის გაფრთხილების გარეშე დაბომბვა, შეფასდა როგორც ესკალაციის ახალი დონე, კერძოდ როგორც ღია და სრულმასშტაბიანი ომი“.

დეპუტატმა ასევე თქვა, რომ „რადიკალური ოპოზიცია“ წარმოადგენს „მეხუთე კოლონას საქართველოში 2008 წლიდან მოყოლებული დღემდე“.

მანვე ოპოზიცია „პროვოკაციული ფონის“ შექმნაში დაადანაშაულა და ხაზი გაუსვა, რომ ოპონენტების მიზანია „ჩვენმა ქვეყანამაც არა პრაგმატული, არამედ ემოციური გადაწყვეტილებები მიიღოს და გამოუსწორებელი შეცდომები დაუშვას“.

„ჩვენი ამოცანა კი პირიქით, პრაგმატული პოლიტიკის გაგრძელება, ჩვენი ქვეყნის, უსაფრთხოების, ეროვნული ინტერესების და ეკონომიკის დაცვაა“, – დასძინა მიქანაძემ.

მისივე თქმით, „მოცემულ სიტუაციაში“ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების „ყალბ ემოციებზე და მათ პოპულიზმზე აყოლისა “ და პარლამენტის რიგგარეშე სხდომის გამართვის დრო არ არის.

მიქანაძემ ასევე აღნიშნა, რომ რიგგარეშე სხდომა ვერ ჩატარდება, რადგანაც სესიის გახსნისთვის 76 დეპუტატის თანხმობაა საჭირო, ოპოზიციას კი – ამისთვის საკმარისი დეპუტატები არ ჰყავს.

მმართველი პარტიის დეპუტატმა განცხადება იმ ფონზე გააკეთა, რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის პარალელურად, ოპოზიცია საქართველოს ხელისუფლების პასიურ პოლიტიკას აკრიტიკებს.

მანამდე, ქართული ოცნება კრიტიკის ობიექტი უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღების გამო გახდა, რომელშიც რუსეთი ნახსენები არ არის.

რეზოლუციას ოპოზიციონერი დეპუტატების დიდმა ნაწილმა მხარი არ დაუჭირა. მათი თქმით, მმართველი გუნდი რუსეთის მიმართ მაამებლურ პოლიტიკას ატარებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)