Site icon Civil.ge

პრემიერის თქმით, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. Photo: gov.ge

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 25 თებერვალს განაცხადა, რომ თბილისი არ შეუერთდება რუსეთზე უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს.

„მინდა მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო, რომ საქართველო ჩვენი ეროვნული ინტერესებისა და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში. აღნიშნული მხოლოდ დააზიანებს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს მოსახლეობას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელასთან დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ჟურნალისტებთან საუბრისას, პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ იგი არ მიიღებს რაიმე გადაწყვეტილებას, რომელიც ხალხის ინტერესებს დააზიანებს.

„მე, როგორც პასუხისმგებელი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის წინაშე და მთავრობის მეთაური, რომელიც პასუხისმგებელია როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკაზე, ვიხელმძღვანელებ მხოლოდ ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, მოცემული მომენტისთვის საქართველოს წინაშე „არავითარი საფრთხე არ დგას“.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ არც ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მოწვევის საჭიროებაა.

პრემიერმა ოპოზიცია „პროვოკაციების“ მოწყობაშიც დაადანაშაულა და თქვა, რომ მათ სურთ „იმ უბედურების გამეორება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში მათ ვერ აირიდეს“.

ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა იგი სოლიდარობის ნიშნად უკრაინაში ჩასვლას, პრემიერმა უპასუხა, რომ ეს „არაფრის მომცემია“. მანვე დასძინა, რომ უკრაინის საჰაერო სივრცე ისედაც დაკეტილია და „არათუ მე, არამედ მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს ლიდერებიც ვერ ჩადიან უკრაინაში“.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მოქმედმა ხელისუფლებამ „პრაგმატული, ეროვნულ ინტერესებზე გათვლილი პოლიტიკით მოახერხა, ბოლო 9 წლის განმავლობაში ქვყანას მიეღწია მშვიდობისა და სტაბილურობისთვის“.

„როდესაც საქართველოს მაშინდელი ხელისუფალი ვერ გათვლის ელემენტარულს და ბრიყვულად და სულელურად, თუ ანტისახელმწიფოებრივად წამოეგება ამ პროვოკაციას, რა თქმა უნდა, ეს არის ღალატი“, – თქვა მან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომზე საუბრისას.

რაც შეეხება რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის გამართვის შესახებ ოპოზიციის მოთხოვნას, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ „უპასუხისმგებლობა და მავნებლობაა ის პოლიტიკა, ის უსარგებლო ხმაური, რასაც ჩვენი ოპონენტები აკეთებენ, არაფრის მომცემი“.

საგულისხმოა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა რიგგარეშე სესიის ჩატარების შესახებ ოპოზიციის მოთხოვნას ხელი გუშინ მოაწერა. მანვე უკრაინაში შექმნილი ვითარების ფონზე, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მოწვევის საჭიროებასაც გაუსვა ხაზი.

უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის დაწყებამდე, ქართული ოცნება ოპოზიციური პარტიების მხრიდან კრიტიკის ობიექტი იყო. მათი თქმით, ხელისუფლება მოსკოვის მიმართ მაამებლურ პოლიტიკას ატარებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)