უკრაინაზე რუსული აგრესიის შესახებ რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის ჩატარების შესახებ ქართული ოცნების უარის შემდეგ, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მმართველი გუნდი სიმხდალეში დაადანაშაულეს.
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს განაცხადა, რომ რიგგარეშე სხდომა ვერ გაიმართებოდა, რადგანაც მმართველი პარტიის წევრები მასში მონაწილეობას არ აპირებდნენ, ოპოზიციას კი – სესიის გახსნისთვის საჭირო კვორუმი არ აქვს.
მიუხედავად პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებისა, დღეს ოპოზიციონერი დეპუტატები მაინც შეიკრიბნენ, თუმცა პლენარულ სხდომათა დარბაზი დაკეტილი დახვდათ, რაც მათი შეფასებით, ანტიკონსტიტუციურია.
„დღეს არის სირცხვილის დღე, საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ, სხვა ოპოზიციონერ დეპუტატებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე.
დეკანოიძის მტკიცებით, პარლამენტის თავმჯდომარემ გადაწყვიტა, რომ „საპარლამენტო დარბაზი ჩაუკეტოს საქართველოს მოქალაქეებს, ჩაუკეტოს უკრაინას, ჩაუკეტოს იმ გმირებს რომლებიც გუშინ და დღეს დაეცნენ“.
მანვე განაცხადა, რომ უმრავლესობის წევრები დღევანდელ სხდომას ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მითითებით არ დაესწრნენ. „ეს იქნება თქვენი ყველაზე ცუდი და სირცხვილის გადაწყვეტილება“, – მიმართა დეკანოიძემ „ოცნების“ დეპუტატებს.
პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და ლელო საქართველოსთვის დეპუტატმა, დავით უსუფაშვილმა, შალვა პაპუაშვილს შეახსენა, რომ სესიის გახსნა მისი კონსტიტუციური მოვალეობაა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის თავმჯომარემ წინასწარ იცოდა, რომ სხდომაზე კვორუმი არ იქნებოდა, მას რეგისტრაცია მაინც უნდა ჩაეტარებინა.
„დღეს, ჩვენ გვინდოდა, რომ ყოფილიყო მართლა ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ერთიანობის დღე“, – განაცხადა მან და დასძინა – „ჩვენ გვინდოდა, რომ, პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობას დაენახა, რომ მიუხედავად უამრავი განსხვავებისა, აქეთაც და იქითაც, ჩვენ გვაერთიანებს საერთო სახელმწიფოებრივი ინტერესი“.
რესპუბლიკური პარტიის დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განმარტა, რომ ოპოზიცია მზად იყო, ქართულ ოცნებასთან ერთად, უკრაინის შესახებ ერთობლივი რეზოლუცია მიეღო. ასევე პარლამენტში მისვლის შემთხვევაში, პრემიერისთვის უბრალოდ მოესმინათ და მისთვის კითხვაც კი არ დაესვათ. თუმცა, ქართულ ოცნებას „ეშინია“ და რიგგარეშე სხდომიდან „გარბის“.
„საქართველოს ჰყავს უმხდალესი ხელისუფლება“, – განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ. „დღეს მთელი მსოფლიო უყურებს რომ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახელმწიფოს დედაქალაქს ბომბავს პუტინი და ამ დროს საქართველოს პარლამენტი ვერ იკრიბება“, – დასძინა მანვე.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ ოპოზიციის მოთხოვნას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი გუშინ მოაწერა. თუმცა, მმართველი პარტიის დეპუტატებმა იმ მიზეზით, რომ ამის საჭიროება არ არსებობს, სესიაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.
ასევე წაიკითხეთ:
- ქართული ოცნება უკრაინის შესახებ საგანგებო სესიის ჩატარებაზე უარს ამბობს
- ქართული ოპოზიცია უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ
- საქართველო უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას ეხმიანება
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)