საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან უკრაინის ჰუმანიტარული დახმარებისთვის 1 მლნ ლარი გამოიყოფა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებული მოსახლეობისათვის ფარმაცევტულ პროდუქტებსა და სამედიცინო დანიშნულების საგნებს შეისყიდის.
განკარგულებას საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი დღეს მოაწერა.
მთავრობის გადაწყვეტილებას წინ პრემიერმინისტრის განცხადების გასაპროტესტებლად საქართველოს მოქალაქეების მრავალათასიანი აქცია უძღვოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა, გუშინ თქვა, რომ საქართველო არ შეუერთდება უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო რუსეთისთვის დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს.
- ზელენსკი: ქართველი ხალხი უკეთესია, ვიდრე მისი მთავრობა
- უკრაინაზე განცხადების გამო ღარიბაშვილი მწვავე კრიტიკის სამიზნე გახდა
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ე.წ. „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვლის დილას გამოაცხადა. მანამდე, 21 თებერვალს, მოსკოვმა მინსკის შეთანხმებების დარღვევით დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა.
კიდევ უფრო ადრე, რუსეთი უკრაინასა და მის გარშემო თვეების განმავლობაში სამხედრო ძალების მობილიზაციას ახორციელებდა და ნატოსგან უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების თაობაზე ბუქარესტის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილების გაუქმებას, ხოლო აშშ-ისგან ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში სამხედრო ბაზები განთავსებაზე უარის თქმას ითხოვდა.
ალიანსმა და აშშ-მა დაგმეს რუსეთის მიერ „გავლენის სფეროების“ ხელახლა დამყარების მცდელობა და 26 იანვარს დამოუკიდებელი განცხადებებით უპასუხეს. მათ ნატოს ღია კარის პოლიტიკის მიმართ ერთგულება დაადასტურეს და ბევრი სხვა მიმართულებით თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატეს.
საპასუხოდ, მოსკოვმა 17 თებერვალს განაცხადა, რომ „რუსეთი იძულებული იქნება მიმართოს საპასუხო ზომებს, მათ შორის, სამხედრო-ტექნიკური ხასიათის ღონისძიებებს“.
ასევე წაიკითხეთ:
- თბილისი 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოსკოვის მოწოდებას გმობს
- ეუთოში ზალკალიანმა თბილისისა და კიევის წინააღმდეგ მოსკოვის აგრესიული პოლიტიკა გააკრიტიკა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)