Site icon Civil.ge

ევროპა რუსული გაზის გარეშე – სცენარები

რუსული გაზსადენები. წყარო: გაზპრომი

ყოველ ოთხ წელიწადში, გაზის გადაცემათა სისტემის ოპერატორების ევროპულ ქსელს კატასტროფული სცენარების სიმულირებაში გავარჯიშება ევალება, გაზმომარაგების ევროპული სისტემის მდგრადობის შესამოწმებლად. ბოლო ასეთი სიმულაციური ვარჯიში გასულ წელს ჩატარდა. გაითვალისწინეს ოცამდე ავარიული სცენარი, რამაც დაადასტურა, რომ ევროპის გაზის ინფრასტრუქტურა საკმაოდ მოქნილია და შეუძლია გაზმომარაგების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

რა შეიძლება მოხდეს თუ ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეიჭრება, დასავლეთი რუსეთს მკაცრ სანქციებს დაუწესებს, კრემლის თავკაცი კი, საპასუხოდ ევროპას გაზს გადაუკეტავს?  

ამ საკითხზე სტატია ბრიტანულმა The Economist-მა გამოაქვეყნა და მის უმნიშვნელოდ შეკვეცილ თარგმანს გთავაზობთ. გაითვალისწინეთ, რომ სტატია ომის დაწყებამდე გამოქვეყბდა, ანუ ის სანქციებით რუსეთისათვის მიყენებულ ზარალს არ იღებს მხედველობაში.

რამდენად შესაძლებელია ეს?

ევროპაში გაზის დაახლოებით მესამედი რუსეთიდან გაზსადენებით მოედინება. ზოგადად ითვლებოდა, რომ ევროპისთვის რუსული გაზის სრული გადაკეტვა წარმოუდგენელია: ცივი ომის ყველაზე მწვავე მომენტებშიც კი საბჭოთა კავშირს არ შეუწყვიტავს გაზის ექსპორტი. 2009 წელსაც, როდესაც რუსეთი და უკრაინა ერთმანეთს სერიოზულად წაეკიდნენ, უკრაინის გავლით გაზის მიწოდება შეფერხდა, მაგრამ მალევე აღდგა.

თუმცა ახლა სხვა დრო და ვითარებაა. თუ ციფრებს სათანადოდ ჩავუღრმავდებით, აღმოვაჩენთ, რომ რუსეთის პრეზიდენტს შეუძლია საკუთარ თავს უფლება მისცეს, ევროპას ხანმოკლე ენერგოშოკი ჩაუტაროს.

სხვადასხვა ავტორიტეტული დათვლებით, ჯარიმები რომ არ ვიანგარიშოთ და სახელმძღვანელოდ 2021 წლის მეოთხე კვარტლის გაზის ფასები ავიღოთ, ევროპისთვის გაზის სრული გადაკეტვით “გაზპრომი“ დღიურად 203–228 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალს დაკარგავს. თუ გაზის ემბარგო 3 თვეს გასტანს, “გაზპრომის“ საშემოსავლო დანაკარგები 20 მლილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ გაზაფხულზე გაზზე მოთხოვნა მცირდება და ის იანვრის თვის მოთხოვნის მხოლოდ 60%-ს შეადგენს.

ამდენი ვალუტის დაკარგვა დამანგრეველი იქნებოდა საბჭოთა ეკონომიკისთვის, რომლის ფინანსური სტაბილურობა თითქმის მთლიანად იყო დამოკიდებული დასავლეთისთვის გაზის მიყიდვაზე. თუმცა დღეს [უკრაინაში ინტერვენციის დაწყებამდე] რუსეთის ცენტრალურ ბანკში 600 მილიარდი დოლარის რეზერვია მობილიზებული. ეს რეზერვი ვლადიმერ პუტინს საშუალებას აძლევს გაზისგან მოტანილ დანაკარგს განსაკუთრებული პრობლემების გარეშე გაუძლოს და მოკლევადიან პერსპექტივაში მოგებაზეც კი იფიქროს. უკრაინის ირგვლივ წარმოქმნილმა დაძაბულობამ მნიშვნელოვნად გაზარდა გაზის ფასები. JP Morgan-ის გათვლებით, ბოლო დროს გაზზე გაზრდილი ფასების გათვალისწინებით, “გაზპრომის“ წლევანდელი საერთო მოგება 90 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბებს, მაშინ, როცა 2019 წელს ის 20 მილიარდი იყო.    

ანუ, რუსული გაზის გადაკეტვა შეუძლებელი და მითუმეტეს წარმოუდგენლი რამ ნამვილად არ არის.

ვინ დაზარალდება ყველაზე მეტად?

თუ ვლადიმერ პუტინი მხოლოდ უკრაინაზე გამავალ გაზსადენს გადაკეტავს, დანარჩენი ევროპა ამას პრინციპში მშვენივრად გადაიტანს და განსაკუთრებულ დისკომფორტს არ იგრძნობს. საქმე ისაა, რომ “გაზპრომს“ ისედაც მნიშვნელოვნად შემცირებული აქვს უკრაინის გაზსადენით გატარებული ნაკადის მოცულობა. შარშანდელთან შედარებით, უკრაინის გავლით გაზის მოცულობა განახევრებულია, ხოლო 2019 წლის მდგომარეობასთან შედარებით, საერთოდ მეოთხედს შეადგენს.

მაგრამ რა განსაცდელის წინაშე დადგება ევროპა, თუ კრემლის ბატონი გაზს სრულიად შეუწყვიტავს? ამ შემთხვევაში, მყისიერი, საგრძნობი შეფერხებები ფაქტიურად გარდაუვალი იქნება. ყველაზე მეტად რუსული გაზის ნაკადის შეწყვეტას იგრძნობენ ლიეტუვაში, სლოვაკეთში, ავსტრიაში, ასევე პოლონეთსა და უნგრეთში.

ევროპის დიდი ეკონომიკებიდან რუსულ გაზზე მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებულები იტალია და გერმანია. ამ მხრივ, ევროპის უმსხვილესი ეკონომიკა – გერმანია ენერგეტიკულად ყველაზე მოწყვლადია. კლიმატის ცვლილების კონტექსტში, გერმანიამ უარი თქვა ქვანახშირის ელექტროსადგურებზე, ხოლო ფუკუშიმას ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი კატასტროფის შემდეგ, ნაჩქარევად დახურა საკუთარი ატომური ელექტროსადგურები, ამ ყველაფერმა ის ბუნებრივ გაზზე, მნიშვნელოვანწილად კი, სწორედ “გაზპრომის“ გაზზე გახადა დამოკიდებული.

გასათვალისწინებელია, რომ ევროპაში გერმანია გაზის ყველაზე მსხვილი მომხმარებელია, მისი მოხმარებული ენერგიის მეოთხედი სწორედ ბუნებრივი აირია, რომლის ნახევარსაც რუსული გაზის იმპორტი შეადგენს.

რუსული გაზის ალტერნატივები და ჩანაცვლების საშუალებები 

თუმცაღა, ევროპის ენერგოსისტემა დღეს უფრო გამძლე და მდგრადია ვიდრე 2009 წლის კრიზისის დროს. კონკურენციის წამახალისებელმა ზომებმა მცირედით შეამცირა გაზპრომის გავლენა ევროპაზე. ამის გარდა, გაზის ურთიერთდამაკავშირებელ ქსელი დღეს მეტ, აქამდე იზოლირებულ ქვეყანას აერთიანებს და აკავშირებს.     

გათხევადებული ბუნებრივი გაზი

რუსული გაზის ჩანაცვლების ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენს გათხევადებული ბუნებრივი გაზი (LNG). ევროპამ საკმაოდ დიდი ინვესტიციები განახორციელა რეგაზიფიცირების სისტემებში და ამ მხრივ, საკმაოდ სერიოზული ინფრასტრუქტურა შექმნა, რომელიც დიდწილად ჯერაც აუთვისებელი რჩება.

ავტორიტეტული “Citigroup”-ის გათვლებით, რეგაზიფიცირების მოწყობილობებმა/სისტემებმა ნახევარი დატვირთვითაც, რომ იმუშაონ, მათ შეუძლიათ რუსული გაზის იმპორტის დაახლოებით ორი მესამედი ჩაანაცვლონ. თუმცა, აქ პრობლემურია არა რეგაზიფიცირების ინფრასტრუქტურა, არამედ თავად გათხევადებული გაზის მოწოდების მოცულობები.

ამ ეტაპზე, ევროპას რუსული გაზის იმპორტის ჩანაცვლებისთვის საკმარისი რაოდენობის გათხევადებული გაზი არ მიეწოდება. რუსული იმპორტის ჩასანაცვლებლად, ევროპას გათხევადებული გაზის ტანკერების დამატებითი არმადები დასჭირდება, როგორც აშშ-დან, ისე აზიიდან. ეს ყველაფერ კი, ახალ რელსებზე გადაწყობას, წამუშავებას და ახალი კონტრაქტების გაფორმებას მოითხოვს.

გათხევადებულ ბუნებრივ გაზზე ევროპის გაზრდილი მოთხოვნით შეიძლება მისმა მწარმოებლმა ჩინეთმაც ისარგებლოს და აშშ-მაც, რომელიც გეოპოლიტიკურად უფრო ახლოსაა ევროპასთან, ვიდრე აზიური გიგანტი. აშშ-მ ევროპისთვის განკუთვნილი გათხევადებული გაზის ექსპორტი 10%-ითაც, რომ გაზარდოს ეს რუსული გაზის სრულ შეწყვეტას დაახლოებით 15%-ით დააკომპენსირებს.

გაზსაცავებში არსებული მარაგი

რუსული გაზის შეწყვეტის შემთხვევაში, ევროპული გამძლეობის ერთ-ერთ წყაროს გაზსაცავებში არსებული გაზის მარაგიც წარმოადგენს. შარშანდელმა ცივმა ზამთარმა და გაზპრომის მიერ ევროპული გაზსაცავების ფრიად მომჭირნედ შევსებამ, ევროპული გაზის მარაგები ბოლო 5 წლის განმავლობაში მინიმალურ ნიშნულზე დაიყვანა. მიუხედავად, ამისა, ექსპერტები თვლიან, რომ ნორმალური ზამთრის ამინდის პირობებში, გაზაფხულისთვის გაზსაცავებში მაინც იქნება საკმარისი რაოდენობის მარაგი, რათა რუსული გაზის დანაკარგები ორი თვის განმავლობაში აანაზღაუროს. ზოგიერთი უფრო ოპტიმისტური ვარაუდით, ევროპული გაზის მარაგები რუსული გაზის იმპორტის შეწყვეტის ოთხთვიან პერიოდსაც გაუძლებს, თუმცა გვიანი ზამთრის და ადრეული გაზაფხულის სუსხმა ეს პერიოდი თავისუფლად შეუძლია, საგრძნობლად შეკვეცოს.

ბუფერული გაზი 

ბუფერული გაზი ევროპის “საიდუმლო იარაღად” ითვლება, ის საჯარო სივრცეებში ნაკლებად ცნობილი და განხილვადი რამაა. მიწისქვეშა გაზსაცავებში როცა ბუნებრივი გაზია ჩაჭირხნული, ტექნიკური და უსაფრთხოების ევროპული ნორმებიდან გამომდინარე მისი გარკვეული რაოდენობის ბაზარზე გაყიდვა არ შეიძლება, რათა საცავები არ დაზიანდეს. თუმცაღა, ნორმები კრიზისულ სიტუაციაში შესაძლებელია დროებით გადაიხედოს ისე, რომ სტრუქტურული საფრთხე გაზსაცავებს არ მიადგეს. საკონსულტაციო კომპანია Wood Mackenzie-ის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ბუფერული გაზის მეათედი სავსებით უპრობლემოდ შეიძლება იქნას ათვისებული, რაც ევროპას დაახლოებით ერთი თვეზე მეტი რუსული გაზის დეფიციტს ამოუვსებს, რაც კრიტიკულ სიტუაციაში მცირე დრო როდია.  

დასკვნის მაგიერ

მოკლედ რომ შევაჯამოთ, რუსული გაზის სრული შეწყვეტის შემთხვევაში, ევროპა დაზარალდება და მას მნიშვნელოვანი შეფერხებები შეექმნება, თუმცა ეს პრობლემები მეტწილად ევროპელ გადასახადების გადამხდელთა საფულეებს დაეტყობა – ხალხის ფიზიკურად გაყინვამდე ან/და შიმშილამდე საქმე ნამდვილად არ მივა.

სრული გადაკეტვის შემთხვევაში, ევროპას სავარაუდოდ ორიოდე კვარტლის მანძილზე ენერგეტიკული პრობლემები ექნება და მომხმარებლების ფინანსური ხარჯები საგრძნობლად გაეზრდება, თუმცა ერთი წლის პერსპექტივაში ის რუსული გაზის კრიზისს არსებითად დაძლევს.

ამის ვარაუდის საფუძველს ისტორიული გამოცდილებაც იძლევა. 1973 წელს, ნავთობის არაბმა ესპორტიერებმა ისრაელის მიერ ეგვიპტისა და სირიის  დამარცხების გამო, კოლექტიური დასავლეთის დასჯა გადაწყვიტეს, ნავთობის მოპოვება მკვეთრად შეამცირეს და აშშ-სა და ნიდერლანდებს ნავთობის ბლოკადა დაუწესეს. მაშინ ევროპას და კერძოდ გერმანიას გარკვეული ფინანსური სირთულეები და სამომხმარებლო საწვავის დეფიციტის პრობლემაც შეექმნა, თუმცა საბოლოოდ ევროპამ კრიზისი ერთ წელიწადში დაძლია და გაკვეთილიც ისწავლა – ახლო აღმოსავლეთის ნავთობზე დამოკიდებულება მკვეთრად შეამცირა, ევროპაში ახალი ნავთობისა და გაზის საბადოების მოძიებას მიჰყო ხელი და საბჭოთა კავშირის ენერგო რესურსების მზარდ იმპორტზე გადაეწყო. 

საქმე ისიცაა, რომ ევროპული ენერგეტიკული ორგანიზმი უკვე კარგა ხანია ეგუება რუსულ სირთულეებსა და ხელოვნურად გაზრდილ ფასებს. უკვე მიღებული ზომები მის სამომავლო იმუნიტეტს მხოლოდ აძლიერებს.  სხვადასხვა გათვლით, წელს ევროპას დაახლოებით 1 ტრილიონი აშშ დოლარის ენერგეტიკული გადასახადის ქვითარი მიუვა.  ეს გადასახადი 2019 წელს მხოლოდ 500 მილიარდს შეადგენდა. ამასთან, თუ რუსული გაზის გადაკეტვის გამო, ევროპა საკუთარ გაზის მარაგებს მოიხმარს, ის იძულებული გახდება ზაფხულშიც მეტი გაზი მიიღოს, რათა მარაგები აანაზღაუროს, რაც დამატებით ხარჯებთან იქნება დაკავშირებული.   

თუ ზარალებს ვითვლით, “გაზპრომის“ ზარალსაც ნუ დავივიწყებთ – გრძელვადიან პერსპექტივაში, ისიც საგრძნობლად დაზარალდება. დარღვეული კონტრაქტებისთვის დაკისრებულ საკმაოდ მაღალ ჯარიმებზე რომ არაფერი ვთქვათ, რომლის გადახდაც მას მოუწევს ევროპელი გაზის მომხმარებლებისთვის, ამგვარი აგრესიული არასაიმედოობის გამო, სამომავლოდ “გაზპრომს” ძალიან გაუჭირდება გრძელვადიანი და მოცულობითი კონტრაქტების დადება. დაცარიელებული მილები კრემლში დოლარების უწყვეტ შედინებას შეაჩერებს. აგრესიული მოქმედება “გაზპრომს“ ევროპული ბაზრის წილის შეუქცევად დაკარგვას უქადის, რომელშიც ვლადიმერ პუტინს წლების ძალისხმევა და უამრავი თანხა აქვს გახარჯული. ამას დაემატება  “ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის გაუქმებისგან წყალში გადაყრილი ფული. რუსეთის ესეთი საქციელი სერიოზულად დააფიქრებს ჩინეთსაც, რომელიც რუსული გაზის იმპორტის მოცულობებს უფრო და უფრო ზრდის.

მოკლედ, რუსული გაზის გარეშე ევროპას გაუჭირდება, მაგრამ გაუძლებს და გადარჩება, სავარაუდოდ, გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო გაძლიერდება კიდეც. რაც შეეხება რუსეთს, ის მოკლევადიან “საჩვენებელ გამარჯვებას“ მოიპოვებს, მაგრამ ევროპის ენერგო შოკი კრემლს სამომავლოდ უფრო ღრმად და გამოუსწორებლად დააზიანებს, რასაც შესაძლოა არცთუ სახარბიელო პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგებიც მოჰყვეს.