ვინაიდან რუსეთის სახელმწიფო ბანკის, „ვითიბი ბანკის“ საქართველოს ფილიალი საერთაშორისო სანქციების სამიზნე გახდა, მის ფიზიკურ პირ მეანაბრეებსა და მსესხებლებს „ვითიბი ბანკის“ ფილიალებში „ბაზისბანკი“ მოემსახურება.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 27 თებერვალს განაცხადა, რომ მუშაობა პორტირებაზე უკვე დაწყებულია.
ბანკმა დაადასტურა, რომ ის ყოველთვის მოქმედებს საერთაშორისო რეზოლუციებით განსაზღვრულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში და ხაზი გაუსვა, რომ „სანქციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულების შესახებ მითითება ეროვნულმა ბანკმა საქართველოს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებსაც მისცა“.
კიდევ ერთ განცხადებაში, ეროვნულმა ბანკმა უარყო რუსული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული „დეზინფორმაცია“, თითქოს ეროვნული ბანკი არ უწესებს შეზღუდვებს სანქცირებულ საფინანსო ინსტიტუტებს.
„ეროვნული ბანკი მოქმედებს საერთაშორისო რეზოლუციებით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად და არ და ვერ შეუწყობს ხელს ამ სანქციების გვერდის ავლას“, – განაცხადა ბანკმა.
ამ განცხადებებს წინ უძღვოდა ეროვნული ბანკის მიერ 25 თებერვალს გამოქვეყნებული განცხადება, რომლის თავდაპირველ ვერსიაში ეროვნულმა ბანკმა მზადყოფნა გამოხატა ლიკვიდობის საჭიროების შემთხვევაში, „ვითიბი ბანკი“ შესაბამისი რესურსით უზრუნველეყო.
კრიტიკის შემდეგ, ბანკმა განცხადების განახლებული ვერსია გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ის მზადაა „საერთაშორისო სტანდარტებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ინსტრუმენტების გამოყენებით დაიცვას ბანკის მეანაბრეების ინტერესები“.
„ბაზისბანკი“ 1993 წელს დაფუძნდა და 2012 წლიდან მისი საკონტროლო პაკეტის მფლობელი ჩინური „ჰუალინგ ჯგუფია“. ეს უკანასკნელი საქართველოში 2007 წლიდან ძირითადად უძრავი ქონების სფეროში ოპერირებს.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)