უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენციის ფონზე, საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან დასავლეთის მიმართ გამოხატული სკეპტიკური პოზიციის გამო საზოგადოება მის გადადგომას ითხოვს.
„მოღალატე ღარიბაშვილის“ გადადგომის მოთხოვნით, საქართველოს მოქალაქეები დღეს დედაქალაქის ქუჩებში საღამოს 19:00 სთ-ზე პარტია დროას მიერ დაანონსებულ აქციაზე შეიკრიბებიან.
პრემიერის განცხადების საპასუხოდ, დროას ლიდერმა ელენე ხოშტარიამ დღეს განაცხადა, რომ „რუსული ტყუილია, თითქოს სანქციები არაეფექტურია“ და 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო.
„იმ დროს, როდესაც უკრაინელი გმირები რუსეთის აგრესიისგან მთელი მსოფლიოს დასაცავად სიცოცხლეს წირავენ, ჩვენი პრემიერმინისტრისგან კიდევ ერთ სამარცხვინო განცხადებას ვისმენთ“, – დაწერა მან Twitter-ზე.
პარალელურად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პრემიერი გააკრიტიკა, როგორც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის „მარიონეტი“.
„იმეორებს კრემლის პროპაგანდას და შორდება დასავლურ კურსს“, – თქვა მან პრემიერის განცხადების შეფასებისას.
„ქვეყნის სირცხვილი ხარ! რასაც აკეთებ, ქვეყნისა და ხალხის მტრობაა“, – უთხრა ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს.
„გაჩუმდი! ნუ გვარცხვენ!“, – ასე მიმართა ლელო საქართველოსთვის თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ პრემიერმინისტრს.
„ირაკლი, ჩვენც ხალხურად აგიხსნით, არავინ გთხოვს ზელენსკი გახდე, უბრალოდ გაჩუმდი! თავს ნუ გვჭრი! სანქციები მუშაობს და ვაქცინაც!“, – დაწერა Facebook-ზე სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ.
ეს უკვე მეორე შემთხვევაა, რაც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ სადავო განცხადებების გამო პრემიერი საზოგადოების კრიტიკის სამიზნე გახდა.
უკრაინაში რუსეთის შეჭრას საქართველოს მოქალაქეები უკვე რამდენიმე დღეა აპროტესტებენ.
ასევე წაიკითხეთ:
- პრემიერი: სანქციები არ არის ეფექტური საშუალება, უკრაინის დაბომბვას ვერავინ შეაჩერებს
- „ყოჩაღ!“ – მოსკოვი საქართველოს პრემიერს აქებს
- უკრაინაზე განცხადების გამო ღარიბაშვილი მწვავე კრიტიკის სამიზნე გახდა
- პრემიერის თქმით, საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდება
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)