Site icon Civil.ge

კახა იმნაძის გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის სპეციალურ სხდომაზე უკრაინის შესახებ

საქართველოს ელჩი გაეროში, კახა იმნაძე საგანგებო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, 28 თებერვალი, 2022, ფოტო: კადრი გაეროს მიერ გავრცელებული ვიდეოდან

უკრაინის შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის სპეციალურ სხდომაზე, საქართველოს ელჩმა გაეროში, კახა იმნაძემ კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს მხარდაჭერა უკრაინას რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენციის ფონზე.

ქვემოთ მოცემულია 28 თებერვლის საგანგებო სხდომაზე საქართველოს ელჩის გამოსვლის სრული ტექსტი:

„მადლობა, ბატონო პრეზიდენტო,

ჩემი დელეგაცია უერთდება ევროკავშირის წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ განცხადებას და ჩემი მხრივ, შემდეგ კომენტარს დავამატებდი:

დღეს ჩვენ შევიკრიბეთ საგანგებო სხდომაზე, ვინაიდან უშიშროების საბჭომ კვლავაც ვერ მოახერხა მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტის როლი ეთამაშა. ამიტომ, ახლა ჩვენზე, გენერალურ ასამბლეაზეა დამოკიდებული — სადაც ყველას თანაბარი ხმის უფლება გვაქვს — მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია იმ მიზანს ემსახურება, რისთვისაც ის შეიქმნა.

გაეროს ერთი წევრი ქვეყნის მიერ შეიარაღებული ძალის გამოყენება მეორე წევრი ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ არღვევს გაეროს ქარტიის 2.4 მუხლს და წარმოადგენს აგრესიის აქტს, როგორც ამას ამავე ორგანიზაციის მიერ კონსენსუსით მიღებული 3314-ე რეზოლუცია განსაზღვრავს.

ის, რასაც უკრაინაში ვხედავთ, არის აგრესიის აქტი რუსეთის მხრიდან და ვგმობთ მას.

გასულ კვირას, სწორედ ამ ტრიბუნიდან, მეზობლების წინააღმდეგ რუსეთის ქცევაზე ვისაუბრე. რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ ყველასათვის გამოსაფხიზლებელი სიგნალი უნდა ყოფილიყო. მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა ანალოგიური სცენარის თავიდან აცილება, რომელიც რამდენიმე წლის შემდეგ უკრაინაში განვითარდა. ჩემივე ნათქვამის გამეორება რომ არ მომიხდეს, გეტყვით, რომ ჩვენ, საქართველოში, ნამდვილად ვიცით, რას ნიშნავს ომის დანაკარგი. ნამდვილად ვიცით, როგორია მისი გამანადგურებელი შედეგები ხალხისთვის და ესაა უდანაშაულო მოქალაქეები, ქალები და ბავშვები, რომლებიც უმაღლეს საფასურს იხდიან. იგი დამანგრეველია არა მხოლოდ მათთვის, რომელნიც თავად გამოცდიან მათ: იგი თაობიდან თაობას გადაეცემა.

მკაფიოდ უნდა განვაცხადო, გაეროს ქარტიის ძირითადი პრინციპები, ჰელსინკის საბოლოო აქტი, პარიზის ქარტია ახალი ევროპისათვის და ბუდაპეშტის მემორანდუმით აღებული ვალდებულებები განხილვას და გადახედვას არ ექვემდებარება არცერთი ქვეყნის მიერ, არა აქვს მნიშვნელობა ეს ქვეყანა რამდენად დიდი და ძლიერი შეიძლება იყოს.

ძალის გამოყენებით ტერიტორიების დაპყრობა ან ამ მიზნით მუქარა არაკანონიერი და დაუშვებელია. საქართველო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები და გაიყვანოს შეიარაღებული ძალები უკრაინიდან; უფლება მისცეს ყველა საერთაშორისო ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა მექანიზმს დაუყოვნებლივ ჰქონდეთ წვდომა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე; შეცვალოს გადაწყვეტილებები უკრაინის განუყოფელი ნაწილების – დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების, ასევე ყირიმის სტატუსზე და ანალოგიური გააკეთოს საქართველოსთან მიმართებითაც– გაიყვანოს შეიარაღებული ძალები, დაუშვას ჰუმანიტარული დახმარება და შეცვალოს გადაწყვეტილება ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

საქართველო უშიშროების საბჭოს იმ რეზოლუციის პროექტის თანაავტორი იყო, რომელსაც ვეტო დაადეს. ჩვენ გენერალური ასამბლეის იმ რეზოლუციის პროექტის თანაავტორნიცა ვართ, რომელიც მალე უნდა განვიხილოთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს რეზოლუცია უკრაინას ეხება, ის ყველა ჩვენგანისთვის, ასევე წესებზე დაფუძნებული წესრიგის მომავლისა და ჩვენი გაერთიანებული ერებისთვის წყალგამყოფ მომენტს წარმოადგენს. ამრიგად, მოგიწოდებთ, ხმა მისცეთ შემოთავაზებულ პროექტს, რათა გადავარჩინოთ მომავალი თაობები ომის საშინელებისგან, მხარი დავიჭიროთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციას.

და ბოლოს, ჩვენ მივესალმებით გენერალური მდივნის გადაწყვეტილებას, გაზარდოს უკრაინაში და მის გარშემო გაეროს ჰუმანიტარული ოპერაციები და ნება მომეცით, კიდევ ერთხელ გამოვხატო საქართველოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ყირიმისა და დონბასის ჩათვლით, ასევე უკრაინის ტერიტორიულ წყლებში მისი სანავიგაციო უფლების მიმართ. გმადლობთ!“

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)