Site icon Civil.ge

საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, ფოტო: ოთარ კობახიძე/Civil.ge

საკონსტიტუციო სასამართლომ უარი განაცხადა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონის შეჩერებაზე. ინსპექტორის სამსახური მუშაობას ხვალიდან შეწყვეტს და მის ნაცვლად ორი ახალი სააგენტო ამოქმედდება.

საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით აწ უკვე ყოფილმა სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ იანვრის ბოლოს მიმართა. იგი ამტკიცებდა, რომ სამსახურის გაუქმების შესახებ ქართული ოცნების გადაწყვეტილება არღვევდა საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლს, საჯარო თანამდებობის დაკავების უფლების შესახებ. იგი სასამართლოსგან საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე „გასაჩივრებული ნორმების მოქმედების დაუყოვნებლივ შეჩერებასაც“ ითხოვდა.

საკონსტიტუციო სასამართლომ 28 თებერვალს განაცხადა, რომ საქმეს დასაშვებად ცნობს, თუმცა განმარტა, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე არ შეაჩერებს ინსპექტორის უფლებამოსილების შეჩერებისა და მისი სამსახურის გაუქმების შესახებ ნორმების ამოქმედებას, რადგანაც ეს არ გამოიწვევს „გამოუსწორებელ ზიანს“.

სასამართლოს განმარტებით, სადავო ნორმების არაკოსნტიტუციურად ცნობის შემთხვევაში, თოლორაიას სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე აღდგენის შესაძლებლობა ექნება. თავის მხრივ კი, სახელმწიფოს მისი ძირითადი უფლებების აღდგენა-გამოსწორების ვალდებულება ექნება.

სასამართლომ განაცხადა, რომ ის განიხილავს სადავო საკანონმდებლო დებულებების კონსტიტუციურობას, მათ შორის, ხელმძღვანელების დანიშვნასა და ახალი ორგანოებისთვის დაფინანსების გამოყოფას კონსტიტუციის 25-ე მუხლის მეორე წინადადებასთან მიმართებით.

სადავო დებულების ეს ნაწილი ადგენს, რომ „საჯარო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით“.

სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია იმავე მუხლის პირველი წინადადების გადახედვა, რომელიც ამბობს, რომ „საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი საჯარო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს“.

სასამართლომ ასევე უარი თქვა იმ ახალი დებულებების გადახედვაზე, რომლებიც ხელისუფლებას ავალდებულებს ახალ სახელმწიფო ორგანოებს „შესაბამისი ქონება“ გამოუყოს.

სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას დაეთანხმნენ მოსამართლეები – ვასილ როინიშვილი, ევა გოცირიძე და გიორგი თევდორაშვილი. კოლეგების დასაბუთება არ გაიზიარა მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძემ.


საქართველომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონი დაჩქარებული წესით 29-30 დეკემბრის სესიებზე მიიღო.

ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ მოულოდნელ გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა სახელმწიფო ინსპექტორისა და სახალხო დამცველის მხრიდან პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობის შესახებ კრიტიკული დასკვნები.

გადაწყვეტილების მიმართ კრიტიკის ფონზე, ქართულმა ოცნებამ მცირედით უკან დაიხია და ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებს სანაცვლოდ შექმნილ სააგენტოებში დარჩენა შესთავაზა. შეთავაზება თავად ლონდა თოლორაიასა და მის მოადგილეებს არ ეხებათ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)