ოპოზიციის მოწოდების საპასუხოდ, რომ საქართველოს მთავრობამ მიბაძოს უკრაინის მაგალითს და ევროკავშირში გაწევრიანება დაჩქარებული წესით ითხოვოს, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს უპასუხა, რომ ხელისუფლება ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს 2024 წლამდე არ წარადგენს.
მისი მტკიცებით, წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება უკრაინას მიმდინარე ომის გათვალისწინებით შესთავაზეს.
კობახიძის თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლებთან „წინასწარი კონსულტაციებისას“, პარტნიორებმა უთხრეს, რომ ასეთი შეთავაზება საქართველოსა და მოლდოვის მიმართ „არ არის რელევანტური“. მისი განმარტებით, ეს არის „ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ჟესტი“.
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის თავად უკრაინასაც „მრავალი წელი დასჭირდება“. „არსებობს კონკრეტული სამართლებრივი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, ვიდრე არ შესრულდება ყველა ვალდებულება, მანამდე ვერცერთი ქვეყანა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი“, – დასძინა მანვე.
კობახიძის განმარტებით, საქართველოს მიერ წევრობის შესახებ განაცხადის 2024 წელს წარდგენას „რაციონალური საფუძველი ექნება“, რადგანაც იმ დროისთვის ქვეყანა აღებული ვალდებულებების მნიშვნელოვან ნაწილს შეასრულებს.
„ნაჩქარევი ინიციატივა შეიძლება იყოს კონტრპროდუქტიული, იმიტომ, რომ ჩვენ [მომდევნო] ორი წლის განმავლობაში რაღაც პირობები უნდა შევასრულოთ, ამის შემდეგ ხდება განაცხადი ძლიერი“, – უთხრა ჟურნალისტებს ქართული ოცნების თავმჯდომარემ.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომლის არმიაც 24 თებერვლიდან თავის ქვეყანას რუსეთის თავდასხმისგან იცავს, „ახალი სპეციალური პროცედურებით“ უკრაინის ევროკავშირში დაუყოვნებლივი მიღება ითხოვა.
ზელენსკის განცხადებას წინ უძღვოდა ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის გუშინდელი განაცხადება, რომ „უკრაინელები ერთ-ერთი ჩვენგანნი არიან“ და რომ ევროკავშირს სურს უკრაინის მიღება.
ასევე წაიკითხეთ:
- უკრაინამ საქართველოდან ელჩი გაიხმო
- რუმინეთი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს
- მოქალაქები „მოღალატე ღარიბაშვილის“ გადადგომას ითხოვენ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)