საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტრო იმის გამო გააკრიტიკა, რომ საქართველოს მიერ უკრაინის მხარდამჭერ ნაბიჯებს შორის პრეზიდენტის სასახლეზე უკრაინის სახელმწიფო დროშის გამოფენაც დაასახელა.
„საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერა არ გამოიხატება დროშების გადმოფენაში, არამედ გამოიხატება მის მკაფიო განცხადებებში!“ – დაწერა გუშინ პრეზიდენტმა Facebook-ზე.
„დღეს მისი პარიზში და ბრიუსელში ყოფნა სწორედ ამას ემსახურება!“ – დასძინა მან.
მანამდე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე Facebook-ზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს მიერ უკრაინის მხარდამჭერი ნაბიჯებია ჩამოთვლილი. ამ ქმედებას 1 მარტს წინ უძღვოდა კიევის მიერ უკრაინის ელჩის თბილისიდან გაწვევა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჩარტერული რეისის მიღებისა და მოხალისეთა უკრაინაში გამგზავრებაზე უარით, ასევე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შეერთებაზე უარით, საქართველოს მთავრობამ „ამორალური პოზიცია“ დაიკავა.
პრეზიდენტის სასახლეზე დროშის გამოფენის გარდა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე ჩამოთვალა 1 მლნ ლარის ჰუმანიტარული დახმარება უკრაინისთვის, 24/7 ცხელი ხაზი უკრაინელი ტურისტებისთვის და თბილისის ანძისა და ბათუმის სტადიონის უკრაინის დროშის ფერებში განათება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)