Site icon Civil.ge

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თქმით, 2021 წელს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება გაიზარდა

ბათუმის პორტი, 2021 წლის ოქტომბერი, ფოტო: ოთარ კობახიძე/Civil.ge

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში განმარტა, რომ 2020 წელს პანდემიის გამო რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირების შემდეგ, 2021 წელს ის კვლავ გაიზარდა.

ორგანიზაციის თქმით, მიუხედავად დამოკიდებულების ზრდისა, მას პანდემიამდელი პერიოდისთვის ჯერ მაინც არ მიუღწევია.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუსეთზე სავაჭრო, ტურიზმისა და გზავნილების მიმართულებით დამოკიდებულება საფრთხის შემცველია.

ორგანიზაციის განცხადებით, გასულ წელს, საქართველომ ამ მიმართულებებიდან 1.3 მლრდ აშშ დოლარამდე შემოსავალი მიიღო, რაც ქვეყნის მშპ-ის 6.7%-ის ტოლია.

ანგარიშში ნათქვამია, რომ 2021 წელს რუსეთი ჩინეთის შემდეგ საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო ექსპორტის მიმართულებით. ამასთან, წინა წელთან შედარებით 38%-ით გაიზარდა ექსპორტიც და 610 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რომ პანდემიამდელ პერიოდზე მაღალია.

დოკუმენტის თანახმად, რუსულ ბაზარზე ექსპორტში პირველ ადგილზე ფეროშენადნობები იყო 172 მლნ აშშ დოლარით.

ანგარიშის მიხედვით, რუსულ ბაზარზე მაღალი დამოკიდებულებით ისევ ღვინის ექსპორტი გამოირჩეოდა. რუსულ ბაზარს ქართული ღვინის ექსპორტში 55% ეკავა, რაც „პოლიტიკური რისკების მატარებელია“. ამ კონტექსტში ორგანიზაციამ 2006 წელს რუსეთის მიერ საქართველოსთვის დაწესებული ემბარგო და 2019 წლის თბილისის ანტისაოკუპაციო აქციების შემდეგ რუსეთის დუმაში ქართული ღვინის იმპორტის აკრძალვის შესახებ დისკუსია დაასახელა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თქმით, 2021 წელს თურქეთის შემდეგ რუსეთს მეორე ადგილი ეკავა იმპორტშიც. გასულ წელს საქართველოში 1 მლრდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქტი შემოვიდა პანდემიამდელ, 2019 წლის მაჩვენებელს 51 მლნ აშშ დოლარით გადააჭარბა.

დოკუმენტის მიხედვით, რუსეთიდან იმპორტირებულ პროდუქციას შორის მნიშვნელოვანი ადგილი ხორბლის იმპორტს უკავია. 2021 წელს იმპორტირებული ხორბლის 94% სწორედ რუსეთზე მოდიოდა.

მნიშვნელოვნად გაიზარდა რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტიც და 2021 წელს ბუნებრივი აირის მთლიანი იმპორტის 23.1% შეადგინა. 2018 წელს ეს მაჩვენებელი 2.8% იყო.

რაც შეეხება ფულად გზავნილებს, დოკუმენტის თანახმად, რუსეთიდან მიღებული გზავნილების წილი ცირდება, თუმცა ის საქართველოს მოსახლეობის შემოსავლის „მნიშვნელოვან წყაროდ“ რჩება.

დოკუმენტის თანახმად, 2021 წელს რუსეთიდან საქართველოში 411 მლნ აშშ დოლარი გადმოირიცხა, რაც საქართველოს მიერ უცხოეთიდან მიღებული ჯამური ფულადი გზავნილების 17.5% იყო. 2019 წელს ეს მაჩვენებელი 25%-მდე იყო.

ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს რუსეთიდან საქართველოში 213 000 ვიზიტორი შემოვიდა, რაც ვიზიტორების მთლიანი რაოდენობის 11.3%-ია. მიუხედავად რუსი ვიზიტორების რაოდენობის ზრდისა, ეს მაჩვენებელი პანდემიის გამო 2019 წლის მაჩვენებელს 86%-ით ჩამორჩებოდა.

ორგანიზაციის განცხადებით, საქართველოში რეგისტრირებული 7 000-ზე მეტი კომპანიის სრული ან გარკვეული წილის მფლობელი რუსეთის ფედერაციის კომპანიები ან/და მოქალაქეები არიან.

მათგან 1 230 კომპანია 1995 წლიდან 2012 წლამდე დარეგისტრირდა, ხოლო 5 500-მდე – 2013-2020 წლებში. ახალი კომპანიების რეგისტრაციის რეკორდული რაოდენობა – დაახლოებით 1 200 – 2018 წელს დაფიქსირდა.

აღნიშნული კომპანიები წარმოდგენილი არიან საქართველოს ეკონომიკის ყველა სექტორში, მათ შორის, ენერგეტიკაში, მძიმე და მსუბუქ მრეწველობაში, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში, საფინანსო სექტორში, კომუნიკაციებში, სათამაშო ბიზნესში, რესტორნებსა და სასტუმროებში.

ანგარიშში მაგალითებად შემდეგი კომპანიებია დასახელებული – „აიდიეს ბორჯომი“, „ვიონი საქართველო“ („ბილაინი“), „ლუკოილ-ჯორჯია“, „იანდექს ტაქსი“ და სხვ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინფორმაციით 2011-2021 წლებში რუსულმა კომპანიებმა სახელმწიფო შესყიდვების გზით ჯამში 590 მლნ ლარამდე ღირებულების კონტრაქტები მიიღეს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიშის გამოქვეყნებას წინ უძღვოდა საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ ქვეყანა არ შეუერთდება რუსეთისთვის დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს. პრემიერის თქმით, ეს პირდაპირ იმოქმედებს მოქალაქეების შემოსავალზე და დაარტყამს, ვაჭრობას, ტურიზმის სექტორსა და უცხოურ გზავნილებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)