Site icon Civil.ge

კიევი თბილისს კვლავ აკრიტიკებს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიევში, ფოტო: ოთარ კობახიძე/Civil.ge

კიევი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ საჯაროდ გაემიჯნოს რუსეთის გადაწყვეტილებას ქართული რძისა და რძის პროდუქტების იმპორტის დაშვებასთან დაკავშირებით.

„მიგვაჩნია, რომ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობა, რომელთა შეიარაღებული ძალებიც მშვიდობიან უკრაინულ ქალაქებს რაკეტებითა და ბომბებით უტევენ და მშვიდობიან მოქალაქეებს, მათ შორის ბავშვებს კლავენ, კატეგორიულად მიუღებელია“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 6 მარტს.

სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა საქართველოს ხელისუფლების  უარი მხარი დაეჭირა ევროკავშირის სანქციებისთვის რუსეთის წინააღმდეგ.

„რუსულ კომპანიებთან ბიზნესის წარმოება რუსეთს დამატებით რესურსს მისცემს, რომ უკრაინის წინააღმდეგ თავისი სასტიკი ომი გააგრძელოს, ხოლო ამ გზით მიღებული სარგებელი მოკლული უკრაინელების სისხლითაა გაჟღენთილი“, – განაცხადა უკრაინის საგარეო უწყებამ.

სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ „ქართველმა ხალხმა კარგად იცის ომის საშინელება, რისი გავლაც ახლა უკრაინელებს უწევთ… როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებას ეს ყველაფერი დაავიწყდა და ახლა ცდილობს, ხელიდან არ გაუშვას მომენტი საკუთარი ინტერესების დასაცავად“.

რუსეთის ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა (როსსელხოზნადზორი) 15 ქართულ კომპანიას რუსეთში რძისა და რძის პროდუქტების მიწოდების ნება დართო.  საქართველოს ერთად, „როსსელხოზნადზორმა“ შეზღუდვა თურქეთიდან, ჩინეთიდან, მოლდოვადან, სერბეთიდან, ბელარუსიდან და აზერბაიჯანიდან იმპორტირებულ სხვადასხვა პროდუქტებზეც მოხსნა. გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა რუსეთზე უკრაინაში შეჭრის გამო საერთაშორისო სანქციების დაწესება.

რეაქციები რუსეთის გადაწყვეტილებაზე თბილისში 

რუსეთის გადაწყვეტილებას თბილისში საქართველოს ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. მათი თქმით, ეს ნაბიჯი კრემლის ჯილდოა ქართული ოცნების ხელისუფლებისთვის იმისათვის, რომ მან უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან შეერთებაზე.

საპასუხოდ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 6 მარტს განაცხადა, რომ შესაბამისი მოლაპარაკებები მოსკოვთან 2020 წლიდან მიმდინარეობდა.

სააგენტომ ასევე აღნიშნა, რომ მას ანალოგური მოლაპარაკებები ბევრ სხვა ქვეყანასთან აქვს და დასძინა, რომ ერთი კვირის წინ, ასეთმა მოლაპარაკებებმა დადებითი შედეგი გამოიღო საუდის არაბეთთანაც.

„როსსელხოზნადზორის“ გადაწყვეტილების საპასუხოდ, რძის პროდუქტების მწარმოებელმა ერთ-ერთმა მსხვილმა ქართულმა კომპანია „სანტე GMT“-მ განაცხადა, რომ ისინი არ აპირებენ პროდუქციის გაგზავნას რუსულ ბაზარზე. მან ასევე აღნიშნა, რომ კომპანია ახლა უკრაინისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას აგროვებს.

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მალევე, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო სანქციებს არ შეუერთდება და ამის მოტივად ეროვნული ინტერესები და ქართველი მწარმოებლებისთვის შესაძლო ზიანი დაასახელა.

ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას ქვეყნის შიგნით მწვავე კრიტიკა მოჰყვა, მათ შორის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან. გადაწყვეტილება მოიწონეს მოსკოვში.

საგულისხმოა, რომ უკრაინაში ჩარტერული რეისით ქართველი მოხალისეების გამგზავრებაზე უარისა და სანქციებთან დაკავშრებით საქართველოს ხელისუფლების „ამორალური პოზიციის“ გამო კიევმა 1 მარტს საქართველოდან ელჩი კონსულტაციებისთვის გაიხმო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)